ბათუმის სტადიონის გახსნას 6 000 ადამიანი დაესწრება და ღონისძიებაზე ნახევარი მილიონი დაიხარჯება

12 სექტემბერს ბათუმის ახალი სტადიონის გახსნის ცერემონია არის დაგეგმილი, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები უნდა დაესწრონ. 120-მილიონიანი ობიექტი ბოლო ორი წლის განმავლობაში შენდებოდა. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებშია ნათქვამი, სტადიონის გახსნის ცერემონიაზე 490,895 ლარის დახარჯვა იგეგმება და მას 6,000-მდე ადამიანი დაესწრება.

ღონისძიების დაფინანსებისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ნებართვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დაქვემდებარებული შპს “აჭარის პროექტების მართვის კომპანია” ითხოვს.

“12 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, შპს ,,აჭარის პროექტების მართვის კომპანია“-სა და საფეხბურთო კლუბ დინამო ბათუმის ერთობლივი მონაწილეობით დაგეგმილია სტადიონის საზეიმო გახსნა, რომლის დროსაც სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გაიმართება საფეხბურთო კლუბ დინამო ბათუმისა და დინამო თბილისის მატჩი.

საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში დაგეგმილი მასობრივი კულტურული ღონისძიების ფარგლებში გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი, იმღერებენ საესტრადო და საოპერო ვარსკვლავები, დასარტყამი ინსტრუმენტების ინსტრუმენტალური კომპოზიციის შესრულება, ასევე მოეწყობა მასობრივი კოსტიუმირებული სანახაობა აკადემიურ სტილში და ფოიერვერკი.

ვინაიდან ბათუმის სტადიონი წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ობიექტს, მისი გახსნის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და ამასთან გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები და ასევე 6000-მდე მაყურებელი, რომლის ტრანსლირება განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ტელევიზიების საშუალებით. ასევე სტადიონის გახსნა ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციასა და უსაფრთხო დანიშნულების ადგილის იმიჯის განმტკიცებას,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ განაცხადში.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ბათუმში COVID-19-ის 20-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

2020-09-04T16:41:16+04:00სექტემბერი 4th, 2020|

About the Author:

Tornike Darbaiseli

Leave A Comment