„18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამართავს მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე და უკვე არის ძალიან დიდი მოთხოვნა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია – მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას, შესაბამისად, გაიზარდა ფასები თვითმფრინავის ბილეთებზე, რამდენჯერმე გაიზარდა რიგ შემთხვევაში ფასები.

მე მინდა ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი, როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე საფეხბურთო ნაკრებისთვის. რაც მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება საფეხბურთო მატჩებს, რა თქმა უნდა, მით უკეთესია ეს საფეხბურთო ნაკრების წარმატებისთვის”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

 

ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება. ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე წელს საქართველოც იასპარეზებს. პირველ მატჩს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიის ქალაქ დორტმუნდში 18 ივნისს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

 

წყარო: netgazeti.ge