ჟურნალისტ ნოდარ მელაძის სუსში გამოკითხვა დასრულდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კითხვები ძირითადად შეეხებოდა გიორგი გაბუნიას საქმეს და იმ სიუჟეტს, რომელიც შაბათს „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა.

„კითხვების პირველი ნაწილი ეხებოდა იმას, თუ როდის გავიგე, რომ გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა. ხომ არ უთქვამს მანამდე გაბუნიას, რომ მას უთვალთვალებდნენ ან ხომ არ მქონდა მასთან საუბარი.

ასევე აინტერესებდათ ჟურნალისტური გამოძიება ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ თუ ვინმემ დაგვავალა. აინტერესებდათ არის თუ არა ჩვენთან შენახული პირველადი ფორმით დოკუმენტები, რომლებიც ჩვენ მოვიპოვეთ, რა შინაარსის დოკუმენტებია და გვაქვს თუ არა სხვა დოკუმენტები, რომლებიც არ გაგვისაჯაროვებია.

ყველა ამ კითხვაზე პასუხი არის ერთი – კანონი გვაძლევს საშუალებას ნებისმიერი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის შესახებ არ მივცეთ ჩვენება, რაც ჩაიწერა კიდეც ჩვენებაში.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ ამ რეპორტაჟიდან ბევრი ახალი ინფორმაცია გაიგეს“,- განაცხადა ნოდარ მელაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო შაბათს სიუჟეტში დოკუმენტების სხვა ნაწილზე იქნება საუბარი. იგი იმედოვნებს, რომ შაბათს დაანონსებული სიუჟეტი ეთერში გავა.

 

წყარო