ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ უმუშევრად დარჩენილებისთვის 200-ლარიანი დახმარება მაღალი თანხა არ არის, თუმცა მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, ფაქტობრივად, იმდენივეა, რამდენიც აშშ-ის მიერ თავისი მოქალაქეებისთვის გამოყოფილი $1200-იანი დახმარება.

,,200 ლარიანი დახმარება უმუშევრად დარჩენილ ადამიანზე 6 თვის განმავლობაში, არის თუ არა ბევრი ან ცოტა? რასაკვირველია, ვიცით, რომ თვეში 200 ლარი, ეს არ არის მაღალი თანხა და არც ერთ კომპენსაციას, არც ერთ ქვეყანაში არ აქვს ის მიზანი, რომ სრულად აანაზღაუროს ის შემოსავალი, რაც დაიკარგა, ვთქვათ, 1500-ლარიანი, 2000-ლარიანი იყო ხელფასი და დაიკარგა, სრულად ანაზღაურდეს. მაგრამ ეს არის ის მინიმუმი, რამაც შეიძლება ადამიანს, ზუსტად იმიტომ რომ სახლში ჯდომა მოუწია, საბაზისო მოთხოვნები დაუკმაყოფილოს.

ამერიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1200 დოლარი დაურიგოს მოქალაქეების ნაწილს, ერთჯერადად. ჩვენთან შედარებით მსყიდველობითი უნარი რომ ავიღოთ, ფაქტობრივად იგივეს ვიძლევით, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები. ამ კუთხით ჩვენ საკამოდ სოლიდური პაკეტი გვაქვს, იმის ფონზე რა ტიპის ეკონომიკაც გვაქვს,”- განაცხადა მაჭავარიანმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ, ანუ ჯამში 1200 ლარს. დახმარებას ისინი მიიღებენ, ვინც ოფიციალურად იყვნენ რეგისტრირებულნი დასაქმებულად. ეს დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება.

 

წყარო: პრაიმტაიმი