საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის წევრები ამბობენ, რომ ფედერაციის პრეზიდენტი, სოსო ჯაჭვლიანი რამდენიმე მწვრთნელის ჩანაცვლებას პირადი ინტერესების გამო გეგმავს. კერძოდ, მათი მტკიცებით, ჯაჭვლიანმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მწვრთნელებმა მათი კუთვნილი პრემიიდან ჯაჭვლიანისთვის გარკვეული თანხის მიცემა შეწყვიტეს. ამის შესახებ ფედერაციის მწვრთნელებმა დღეს, 11 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

“ხვალ შედგება გამგეობის სხდომა, სადაც დიდი ალბათობით ჩვენს ჩანაცვლებაზეა საუბარი. იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ ჯაჭვლიანს მეგობრულად გვერდში დავუდექით, როგორც ფედერაციის პრეზიდენტს და ჩვენი პრემიების პერიოდში თანხის რაღაც რაოდენობა მივუტანეთ. იქიდან გამომდინარე, რომ სოსო ჯაჭვლიანი, როგორც პრეზიდენტი თავის მოვალეობას არ ასრულებს, ჩვენ გადავწყვიტეთ მისთვის თანხა აღარ მიგვეცა. ამის შემდეგ ეს ადამიანი საერთოდ დაიკარგა, როგორც მანამდე და ბოლოს მოგვმართა შეტყობინებით, რომ პანდემიის გამო უნდა შევიკრიბოთ და რაღაც გადაწყვეტილებები მივიღოთ, მათ შორის მწვრთნელების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, გენადი კვიკვინიამ.

მისი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით სოსო ჯაჭვლიანთან საუბარი არ ჰქონიათ, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ მათი ჩანაცვლების ერთადერთი მიზეზი მისთვის თანხის მიცემის შეწყვეტაა. ამასთან კვიკვინიას განმარტებით, სოსო ჯაჭვლიანმა მწვრთნელობის ლიცენზია მისცა ისეთ ადამიანებს, ვინც ამ კუთხით კომპეტენტურები არ არიან და თავის დროზე ფედერაციიდან “უმოქმედობის გამო გაუშვეს”, რაც, მისი თქმით, მათ ეჭვს კიდევ უფრო ამყარებს.

“მე ვიცი ვისაც ჩაანაცვლებს, ისეთ ხალხს ჩაანაცვლებს, ვისთანაც “ატკატზე” საუბარი საერთოდაც არ იქნება”, – განაცხადა კვიკვინიამ.

თუმცა მწვრთნელის განმარტებით, ჯაჭვლიანისთვის მათ თანხა პირადი ინტერესებიდან გამომდიანრე არ მიუციათ და ეს თანხა ფედერაციის პრეზიდენტს “მეგობრულად გადასცეს”. კვიკვინიას თქმით, თანხის გადაცემის სურვილი მწვრთნელებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ფედერაციისთვის ჯაჭვლიანმა კარგი საქმეები გააკეთა, მაგალითად წარმატებით ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატი, და რადგან ჯაჭვლიანი ამ საქმეებისთვის სახელმწიფოსგან არანაირ სარგებელს არ იღებდა, მწრთნელებმა გადაწყვიტეს “მათი მხრიდან რაღაც ყურადღება მიექციათ”.

კვიკვინიას თქმით, ისინი დაწრმუნებულები არიან, რომ საუბარია 4 მწვრთნელის ჩანაცვლებაზე, მათ შორის უშუალოდ კვიკვინიაზეც.

ნეტგაზეთი ცდილობს ყოფილ დეპუტატთან, სოსო ჯაჭვლიანთან დაკავშირებას.