პაციენტს, რომელსაც დღეს ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში კორონავირუსი დაუდასტურდა სწრაფი ტესტი 6 აპრილს ჩაუტარდა, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ კლინიკის სტრატეგიულმა ხელმძღვანელმა ეკატერინე სანიკიძემ განუცხადა.

 

​მისივე თქმით, ქალბატონი 72 წლისაა, მას შაქრიანი დიაბეტის მრავალწლიანი ისტორია და გულის ქრონიკული უკმარისობა აქვს.

 

„მის ქმარს ორივე ქვემო კიდური ამპუტირებული აქვს. კორნავირუსით ჯერ ის დაინფიცირდა და მერე უკვე ცოლს გადაედო. შემოსვლისას სიცხე არ ჰქონდა და ცხელების პალატაში არ მოხვედრილა, მაგრამ როგორც ყველას, მასაც ჩაუტარდა სწრაფი ტესტი, რომელიც უარყოფითი იყო. სწორედ, ამიტომ მოთავსდა რეანიმაციაში და დაიწყო მკურნალობა. სწრაფი ტესტი საეჭვო ან პოზიტიური, რომ ყოფილიყო მიუხედავად იმისა, რომ თერაპიული პაციენტი იყო, როგორც ვირუსით ინფიცირებული შესაბამის კლინიკაში გააგრძელებდა მკურნალობას,“ – აცხადებს ეკატერინე სანიკიძე.

 

სწრაფი ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ადამიანი შესაძლოა ავად იყოს, თუმცა ტესტმა ეს ვერ დააფიქსიროს.

 

„შესაძლოა დღეს ავად იყოს, მაგრამ ამ ტესტმა ვერ დაიჭიროს, ეს ახსოვდეს ყველას. დღეს რომ უარყოფითი გექნებათ ამ ტესტით ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ დღეს ავად არ ხართ, ტესტი დადებითი გახდება ავად, რომ გახდებით მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე დღეს“, – ამბობს პაატა იმნაძე.

 

წყარო: პრაიმტაიმი