„როგორც გუშინ განვაცხადეთ, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საპატრიარქოსთან და ჩვენს პატრიარქთან. მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვას კანონი, არ დაიხუროს ეკლესიები, და სოციალური დისტანცირება იყოს დაცული. შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, დადგენილი ჯანდაცვის სამინისტროს და NCDC-ის მიერ. დიდი ზომის ეკლესიებში დაცული იქნება მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები“, — განაცხადა მან.

გარდა ამისა, ჩიქოვანის თქმით, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება საპატრულო პოლიცია, რომელიზ უზრუნველყოფს სოციალური დისტანციისა და კომენდანტის საათის წესების დაცვას.

ჩიქოვანის განცხადებით,  17 აპრილიდან აგრეთვე წესდება შეზღუდვა სასაფლაოებზე [მისვლაზე].


საქართველოში კორონავირუსით დაავადების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გარდაიცვალა 3, ხოლო 71 გამოჯანმრთელდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 15 აპრილის 21:00 საათიდან შესვლა/გამოსვლა, გარკვეული გამონაკლისების გარდა, 10 დღით იკრძალება 4 ქალაქში — თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.

შეჩერებულია რესტორნების და სხვა დაწესებულებების, გარდა სასიცოცხლოდ აუცილებლების მუშაობა. იკრძალება საჯარო სივრცეში 3 ადამიანზე მეტის შეკრება, დაწესებულია კომენდანტის საათი.

წყარი: ნეტგაზეთი

ავტორი: ნიკა ბურდული