„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენი მოწოდებების მიუხედავად, ისევ გაჩნდებოდა მოარული ჭორები, რომ კორონავირუსი არ არსებობს და არ ვრცელდება. ჩვენ ამ მოარული ჭორების შედეგების ნაყოფს ვიმკით“, – ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამბობენ, რომ ეს სიცრუეა, კორონავირუსი არ არსებობს და ხელისუფლება ციფრებს აქვეყნებს, იმისთვის რომ დახმარება მიიღოს. შეიძლება იფიქრო, რომ ხელისუფლება ხშირად ითხოვს დახმარებას, მაშინ როცა ეს არ სჭირდება“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, კორონავირუსის შესახებ ხელისუფლებამ ბევრი არაფერი იცის, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამ ინფექციის მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულების შესახებ ახლა შეიტყო. „ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ, მაგრამ ჯერ არ მიგვიღწევია ჰუმანიტარული კატასტროფისთვის. ჩვენ გავივლით ამ ჯოჯოხეთს ჰუმანიტარული კატასტროფის გარეშე“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთის ერთ-ერთი სოფელი კორონავირუსის გამო ჩაიკეტა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 12364 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 190 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 3720.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

წყარო