ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მიმდინარეობს.

 

უწყების ინფორმაციით, ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის, ერთდროულად დარეგისტრირებითაა განპირობებული. სამინისტრო მოქალაქეებს ტექნიკური ხარვეზის გამო ბოდიშს უხდის და პრობლემის მალე გამოსწორებას პირდება.

თუმცა არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მშობლებს აინტერესებთ. მათ ამ კითხვით „პრაიმტაიმს“ მომართეს.

„მაგალითად, რა მოხდება თუ ბანკში მაქვს სასესხო დავალიანება და როცა ეს 200 ლარიანი დახმარება აისახება ჩემს ანგარიშზე, ჩამომაჭრის თუ არა ბანკი ამ თანხას“.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დახმარების თანხას მშობლები ან საამისოდ უფლებამოსილი პირები, მათი ბანკთან არსებული პრობლემების მიუხედავად, სრულად აიღებენ.