სერგეი შოიგუმ პუტინს განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის 16000 მაცხოვრებელი მზად არის მონაწილეობა მიიღოს უკრაინაში საომარ მოქმედებებში რუსეთის მხარეს. მისი თქმით, აუცილებელია დაეხმარონ  მათ „საომარ ზონამდე შეღწევაში“.

 

როგორც გერმანული გამოცემა “დოიჩე ველლე” წერს,

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დათანხმდა წინადადებას უკრაინის წინააღმდეგ ომში უცხოელი დაქირავებული მებრძოლების ჩართვის შესახებ,  “თუ ხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ნებაყოფლობით, განსაკუთრებით არა ფულის გამო, მოვიდნენ და დაეხმარონ დონბასში მცხოვრებ ადამიანებს – ძალიან კარგი, თქვენ უნდა შეხვდეთ მათ შუა გზაზე და დაეხმაროთ  ომის ზონაში გადასვლაში” – ამის შესახებ პუტინმა პარასკევს, 11 მარტს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

დაქირავებული ჯარისკაცების გამოყენება შესთავაზა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, რომლის თანახმად, რუსეთმა მიიღო უამრავი განაცხადი “სხვადასხვა ქვეყნიდან ყველა სახის მოხალისეებისგან”, მათ შორის, სავარაუდოდ, 16000-ზე მეტი ადამიანისგან, კერძოდ კი ახლო აღმოსავლეთიდან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილმა ტელეკომპანია ზვეზდამ ტელეგრამის არხზე უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მზად სირიელების კადრები გამოაქვეყნა. მისი თქმით, “სირიის არაბული არმიის ვეტერანებს, ქრისტიან მილიციის მებრძოლებს და ყოფილ ოპოზიციურ მებრძოლებს” სურთ ომში წასვლა.

WSJ: უკრაინაში ქუჩის ბრძოლებისთვის რუსეთი სირიელებს რეკრუტირებს

ერთი კვირის წინ, The Wall Street Journal (WSJ), აშშ-ის ოთხ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ რუსეთი აგროვებდა სირიელებს, რომლებიც გამოცდილნი იყვნენ ქუჩის ბრძოლებში იმ იმედით, რომ ისინი დაეხმარებოდნენ კიევის აღებაში. კერძოდ, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ სირიელი მებრძოლების ნაწილი უკვე გადის რუსეთში წვრთნებს.

ეს ინფორმაცია სირიის ზოგიერთმა მედიამ The Wall Street Journal-ს ირიბად დაუდასტურა. ამგვარად, დეირ ეზ-ზორში გამოქვეყნებული გაზეთი იტყობინება, რომ რუსეთის წარმომადგენლები სთავაზობდნენ მოხალისეებს სირიიდან “უკრაინაში წასვლას და დაცვის თანამშრომლად მუშაობას”. კონტრაქტი, სავარაუდოდ, ექვსთვიანი იყო, ყოველთვიური გადასახადი 200-დან 300 დოლარამდე.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის მე-16 დღეა. 24 თებერვალს რუსეთის ჯარებმა დაიწყეს სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინის ბევრ რეგიონში. უკრაინის შეიარაღებული ძალები და ტერიტორიული თავდაცვის რაზმები ჯიუტ წინააღმდეგობას უწევენ თავდამსხმელებს. მილიონობით უკრაინელმა მაცხოვრებელმა დატოვა სახლები და გაემგზავრა უკრაინის სხვა რეგიონებში ან მის ფარგლებს გარეთ.

 

 

თამო თავხელიძე