ნამახვანში ყოველ ოჯახს საშუალოდ 125 000 ლარი გადაეცა

ნამახვან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით წარმოშობილი ვნებათა ღელვა არ ცხრება. 160 დღეზე მეტია ადგილობრივები მიწის 99 წლით თურქული კომპანიისთვის  გადაცემას აპროტესეტებენ.

აშენების შემთხვევაში, ნამახვანის ჰესების კასკადი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი გახდება საქართველოს ტერიტორიაზე. კასკადი ორი ჰესისგან შედგება და მათი საერთო სიმძლავრე 430 მეგავატს აღემატება. პროექტში, რომლის მთლიანი ღირებულება 700 მილიონ დოლარს აჭარბებს, რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორი და სამშენებლო კომპანია მონაწილეობს. არსებული პროექტი მოიცავს 15 კილომეტრის სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასაც.

კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს – ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრს შეადგენს. პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მაღალია მისი პოტენციური ზეგავლენა ადგილობრივ სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე, ისევე როგორც ზეგავლენასთან დაკავშირებული რისკები. საზოგადოებაში არსებობს კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა ტვ იმედის ეთერში ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ სცადა. საზოგადოების ნაწილისთვის ყველაზე ბუნდოვან კითხვაზე, თუ რატომ წერია ხელშეკრულებაში, რომ კომპანია “ენკა” მხოლოდ 15 წლის განმავლობაშია ვალდებული ენერგია ქართულ სახელმწიფოს მიყიდოს, ხოლო 15 წლის შემდეგ შეუძლია აწარმოოს ექსპორტი, მინისტრმა შემდეგნაირი პასუხი გასცა:  “პირველ რიგში ვიტყვი, რომ 15 წლიანი ენერგიის შესყიდვის კონტრაქტი არ არის უნიკალური, რაც კონკრეტულად ნამახვან ჰესის ინვესტორისთვის გაკეთდა. ასზე მეტი ჰიდროელექტოსადური რომელიც მოქმედებს საქართველოში, ან მშენებლობის პროცესშია, არის ნამახვან ჰესის ანალოგიური ხელშეკრულებით ჩვენს ბაზარზე 10-15 წლის განმავლობაში გარანტირებული შესყიდვის პირობებით, რომელიც ხელშეკრულების სტანდარტია საქართველოში. ის რომ 15 წლის შემდეგ ხელშეკრულება სრულდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე ინვესტორი თავისი სურვილისამებრ გაიტანს სადმე ექსპორტზე მიღებულ ენერგიას. პირდაპირ, სრული პასუხისმგებლობით გეტყვით როგორც ეკონომიკის მინისტრი, რომ ჩვენი კანონმდებლობით, რომელსაც ხელშეკრულება ემყარება, ვერცერთ კილოვატ საათს ვერ გაიტანს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერცერთი ინვესტორი სახელმწიფო ენერგოსისტემის ნებართვის გარეშე, იმიტომ რომ არსებობს კანონმდებლობა, არსებობს წესი, რომელიც უნდა აისახოს ბალანსში, შემდეგ უნდა დართოს ნება სახელმწიფო დისპეჩერმა, ის კი ექსპორტის ნებას რთავს მხოლოდ  წყალუხვობის პერიოდში, ეს არის მაისი, ივნისი და ივლისი. ვერ ნახავთ ვერცერთ სხვა პრეცენდენტს, როდესაც ზამთარში ან საკუთარი ნება-სურვილით რომელიმე ელექტროსადგურს გაუტანია ექსპორტზე ენერგია. ეს სამართლებრივად ასევე ტექნოლოგიურად არ არის შესაძლებელი, რადგან ენერგო-სისტემას მართავს სახელმწიფო, ენერგო ექსპორტი კი საკუთარი ნება სურვილით სახელმწიფოს გარეშე არ ხორციელდება”.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ნამახვანში, ადგილობრივებს მათივე მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, საშუალოდ თითო ოჯახს 125 000 ლარი გადაეცა. მინისტრის განცხადებით ამ ოჯახების გარკვეული ნაწილი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს, რაც გარკვეულ უხერხულობას ბადებს.

დღეს, 14 აპრილს შსს-ს წარმომადგენლებმა ჰესისთვის განკუთვნილ ტერიტორიის შესასვლელთან რკინის ჯებირები აღმართეს, რადგანაც 13 აპრილის ღამის საათებში მოხდა დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. დაპირისპირების შედეგად არავინ დაშავებულა, დაკავებულია აქციის 6 მონაწილე.

 

2021-04-14T11:59:03+04:00აპრილი 14th, 2021|
Go to Top