„ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ბელარუს ხალხს და ჩვენ არ მივიღებთ დაუსჯელობას. 9 აგვისტოს გამართული არჩევნები არ არის, არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ არ ვაღიარებთ შედეგებს, რომელიც ბელარუსის ხელისუფლებამ წარმოადგინა. ბელარუსი ხალხი იმსახურებს უკეთესს. ისინი იმსახურებენ დემოკრატიულ უფლებას, აირჩიონ ლიდერები და განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. ჩვენ ვგმობთ ამ სისასტიკეს და მოველით სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას. ნებისმიერი ძალადობა თავიდან უნდა იქნას არიდებული, მათ შორის ნებისმიერი სახის რეპრესია და ძალადობა მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს ეროვნულ დონეზე დიალოგში ჩართვას. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია მთავარი ელემენტებია. ბელარუსში მიმდინარე პროტესტი არ უკავშირდება გეოპოლიტიკას. პირველ ყოვლისა ეს არის ეროვნული კრიზისი. ეს ეხება ხალხის უფლებებს თავისუფლად აირჩიონ ხელმძღვანელობა.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ბელარუსი ხალხის უფლებას განსაზღვრონ საკუთარი ბედი და ევროკავშირი მოკლე პერიოდში გამოსცემს სანქციებს არაერთი პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე. ჩვენ ბელარუსის ხელისუფლებას მოვუწოდებთ კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის გზა მოძებნოს.

ჩვენ კვლავაც ახლოდან დავაკვირდებით პროცესებს და მზად ვიქნებით წვლილი შევიტანოთ ძალისხმევაში, რათა მშვიდობიანად დასრულდეს კრიზისი. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ბელარუსში დიალოგთან დაკავშირებით ეუთო-ს წინადადებას და მზად არის დამატებითი დახმარებისთვის“, – განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საგანგებო სამიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე .

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს წევრებმა ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს საგანგებო ონლაინ სამიტი გამართეს, რომელშიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მონაწილეობდნენ.