დღეს უკრაინა დასავლური სამყაროს რუბიკონია

ავტორი: ალექსი ნონიაძე

დონბასში დღეს მიმდინარე პროცესები მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. უკრაინა და საქართველო ბუფერული ზონაა ნატოს წევრ ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციას შორის. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ დასავლეთის სურვილია ეს ბუფერული ზონა შეამციროს, ხოლო რუსეთის ამოცანები საპირისპიროა. ანექსირებული აფხაზეთი, სამაჩაბლო, დონბასი და ყირიმი ოფიციალურ თბილისსა და კიევზე ზემოქმედების ერთ-ერთი ბერკეტია კრემლისგან, რომელსაც ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მაშინ იყენებს, როცა ნატოს კარი ჩვენთვის თუნდაც ოდნავ მაინც იღება. დაკონსერვირებული კონფლიქტების საშუალებით ოფიციალური მოსკოვი საჭიროების შემთხვევაში ცდილობს ორივე რეგიონში დაძაბოს სიტუაცია. ჯერ-ჯერობით ეს კარგად გამოსდის, რადგან ევროპული სახელმწიფოების (გერმანია, საფრანგეთი)მხრიდან უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივადაკარგული ტერიტორიების გამო ყოველთვის იბლოკებოდა. ევროპის მხრიდან „დათმობის“ პოლიტიკამ შედეგი არ გამოიღო. რუსეთის მცდელობას გააფართოვოს თავისი გავლენები აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებითზღვარი არ გააჩნია.

რუსულ საფრთხეს სრულად აღიქვავენ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები. ლიეტუვას, ლატვიის და ესტონეთის მოლოდინები ნეგატიურია. ჩვენი ბალტიელი მეგობრები კარგად ხვდებიან, რომ უკრაინა დღეს რუბიკონია და თუ მას რუსეთი გადალახავს ის არ მოერიდება მომავალში არც ნატოს წევრი ქვეყნის საზღვრების ხელყოფას. კრიტიკული ანალიზის უნარი მათ კარნახობს, რომ უკრაინის, ბელორუსისა და მოლდოვას შემდეგ მათი ჯერიც დადგება. ეს არ იქნება ომის დაწყება მისი კლასიკური გაგებით, რომელიც ყველამ კარგად ვიცით და როგორც წარმოგვიდგენია. რუსეთი ამას ვერც გაბედავს და პრინციპში მსგავსი ქმედებები არც სჭირდება. იგი ბალტიის ქვეყნების მიმართ ჰიბრიდული ბრძოლის ყველა ხერხს გამოიყენებს, რომელიც მას შემდგომ სამხედრო მოქმედებების პროვოცირების საშუალებას მისცემს. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ დღეს, ევროპის სახელმწიფოების მტკიცე პოზიციას უკრაინისა და საქართველოს პრობლემატიკასთან მიმართებაში. ეგერეთწოდებული „ბარტყების“ გადაგდებით მათ შეიძლება დრო გაიყვანონ, მაგრამ საფრთხეს თავს მაინც ვერ აირიდებენ, რომელიც დასავლურ ცივილიზაციას რუსეთის მხრიდან ემუქრება.

დონბასში მიმდინარე მოვლენებისგან თავის დამშვიდება, რომ ოფიციალური მოსკოვი მხოლოდ დასავლეთს აშინებს და არაფერი არ იქნება (მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ჯარები მზადყოფნაშია მოყვანილი), თავის მოტყუება და მეტი არაფერი. შეიძლება ძალიან ლოგიკურიც არის ვიფიქროთ, რომ ოფიციალური კრემლი ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამო უკრაინაში ვერ გაბედავს საომარი კამპანიის წარმოებას. მაგრამ რუსეთის „ძალა“ სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იგი კრიტიკულ სიტუაციაში ალოგიკურია. როგორც ფიოდორ ტიუტჩევი იტყოდა – „რუსეთს გონებით ვერ გაუგებ“… და დავამატებდით მას მხოლოდ უხეში ძალის ესმის. პუტინის პოლიტიკა მარტივია. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ნავალნის მიერ გამჟღავნებული დიდი კორუფციული სქემა, მხოლოდ ერთი რამით შეიძლება გადაიფაროს და ეს თემა უკრაინასთან ომი იქნება. შეიძლება პუტინს ჯერ არ აქვს საბოლოოდ გადაწყვეტილი დონბასთან მიმართებაში რას მოიმოქმედებს, მაგრამ დიდი რაოდენობით სამხედროებისა და ტექნიკის კონცენტრაცია უკრაინის საზღვრებთან თავისთავად უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.

დონბასში მიმდინარე პროცესები ირიბად საქართველოსაც შეეხება. თუ მსოფლიო რუსეთისგან ამ მწარე აბს გადაყლაპავს, რომელსაც უკრაინა ჰქვია, ოფიციალური მოსკოვისგან ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ველოდოთ, მათ შორის  თბილისშიც. დიდი ალბათობით ოფიციალური თბილისის „არ გაღიზიანების“ პოლიტიკა კრემლს აღარ დააკმაყოფილებს და ნებისმიერი მიზეზით ცხინვალიდან პირდაპირ თბილისში თავისი ტანკებით  ჩამოვა.

გამოსავალი შემდეგშია: 1) საფრთხე სათანადოდ უნდა შეაფასოს ცივილიზირებულმა დასავლეთმა. 2) საქართველო და უკრაინა ნატოში გააწევრიანოს. ეს იქნება ერთგვარი ჯებირი რომელიც რუსული ცუნამის შეჩერების წინაპირობა გახდება. თუ არ შეაჩერებენ დღეს, ხვალ ეს ცუნამი „ბერლინამდე“ ჩავა.