რუსეთის არმია აგრძელებს სამხედრო შეჭრას უკრაინაში, რომელიც 24 თებერვალს პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით დაიწყო.

 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის 64-ე დღეს, რუსული ჯარები აგრძელებენ მეზობელი ქვეყნის დასახლებების დაკავების მცდელობებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები და მისი ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფები წინააღმდეგობას უწევენ აგრესიას.

 

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინის დედაქალაქის კიევის, შევჩენკოს რაიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

 

 

 

 

 

ესპანეთის საზღვაო ძალების ლოგისტიკური გემი Ysabel უკრაინისთვის 200 ტონა იარაღით და სამხედრო აღჭურვილობით პოლონეთში ჩავიდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო UNIAN. იარაღის გარდა, მარაგში შედის 30 სატვირთო მანქანა და 10 მსუბუქი ჯიპი.

 

 

 

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საღამოს შეჯამებიდან ირკვევა, ხუთშაბათს უკრაინელმა სამხედროებმა,  ხარკოვის ოლქის კუტუზოვკას დასახლება თავიანთი კონტროლის ქვეშ დაიბრუნეს.

 

რუსული ჯარები ხარკოვის ოლქში ბრაჟკოვკისა და დოლგენკაზე წინ წავიდნენ, მაგრამ უკან დაიხიეს. მტერი ცდილობდა მთლიანად დაეპყრო რუბიჟნე, მაგრამ უკან დაიხიეს პოზიციებზე. დონეცკის რეგიონში რუსეთის ჯარებმა შეტევა დაიწყეს სლადკოეს, ნოვომიხაილოვკას, ნესკუჩნოესა და ვრემიევკას მიმართულებით.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხუთშაბათს რუსმა სამხედროებმა უკრაინაში სარაკეტო დარტყმით გაანადგურეს 38 სამხედრო ობიექტი, მათ შორის ექვსი იარაღისა და საწვავის საცავი. გარდა ამისა, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების თვითმფრინავმა უკრაინის 76 სამხედრო ობიექტს დაარტყა.

 

კიევის მერმა უკრაინის დედაქალაქის მორიგი დაბომბვაზე განცხადება აგააკეთა. რუსმა სამხედროებმა ხუთშაბათს დაბომბეს კიევი. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

 

“საღამოს მტერმა დაბომბა კიევი. ორი დარტყმა შევჩენკოვსკის რაიონში. ყველა სერვისი ადგილზეა”, – წერს ის. კლიჩკომ აღნიშნა, რომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. დაბომბვა მოხდა კიევში გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ვიზიტის დროს. სარაკეტო სროლა განხორციელდა კიევის რეგიონშიც, იუწყება Hromadske უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. დაბომბვის შედეგების გამოძიება მიმდინარეობს.

 

რუსეთი, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს და 600-ზე მეტ კანადელს მის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავს. ეს ზომები არის რეაქცია ოტავას ხელისუფლების „მტრულ ქმედებებზე“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მანამდე რუსეთმა უკვე გამოიყენა ეს საკმაოდ სიმბოლური სადამსჯელო ზომები რიგი ქვეყნების წამყვანი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც უკრაინას პოლიტიკურ და სამხედრო დახმარებას უწევენ რუსული აგრესიის მოგერიებაში.

 

 

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კიევში მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ მსოფლიო ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს მარიუპოლში აზოვსტალის ფოლადის ქარხნის ევაკუაციის უზრუნველსაყოფად. “ამჟამად შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს. მე არ ვაპირებ რაიმე კომენტარის გაკეთებას, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ამ შესაძლებლობას”, – თქვა გუტერესმა.

 

კრემლი შესაძლოა ცდილობდეს „ფსევდორეფერენდუმების“ გამართვას უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ დაიპყრო 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ. ამის შესახებ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ „ისტორიის ყველაზე ბნელი თავებიდან ნასესხებ, კარგად ჩამოყალიბებულ სქემაზე“. ”ამ გაყალბებულ, უკანონო რეფერენდუმებს უდავოდ თან მოჰყვება ძალადობის ტალღა მათ წინააღმდეგ, ვინც მათ წინააღმდეგობას ან მოსკოვის გეგმებს ძირს უთხრის”, – თქვა აშშ-ის მისიამ. ”საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აჩვენოს, რომ ნებისმიერი ასეთი რეფერენდუმი არასოდეს იქნება აღიარებული, როგორც ლეგიტიმური.”

 

აშშის პრეზიდენტმა  ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ  მოსკოვის რიტორიკა ბირთვული ომის შესაძლებლობის შესახებ “სასოწარკვეთის” ნიშანია.

 

“არავინ უნდა გააკეთოს ფუჭი განცხადებები ბირთვული იარაღის გამოყენების ან მისი გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. ეს არის უპასუხისმგებლობა”, – ხაზგასმით აღნიშნა ამერიკელმა ლიდერმა. “ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით რუსეთს. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან”, – დასძინა მან.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 33 მილიარდი დოლარი (დაახლოებით 31 მილიარდი ევრო) სთხოვა რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარების დასაფინანსებლად. აქედან 20 მილიარდი დოლარი უკრაინას სამხედრო დახმარების სახით გამოიყოფა, განაცხადა აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ხუთშაბათს. „ეს ნიშნავს იარაღსა და საბრძოლო მასალას, რომელიც უკრაინელ ხალხს უნდა გადაეგზავნოს“, – თქვა მან.

 

 

თამო თავხელიძე