დღეს დიდი ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანის დაბადების დღეა, მას 119 წელი შეუსრულდებოდა.

ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. თეატრის მხატვრად მუშაობა 1928 -იდან დაიწყო კ. მარჯანიშვილის თეატრში ( ქუთაისი ) და არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე. გააფორმა 72 სპექტაკლი როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში.

განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ – ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით, ყოველთვის საგრძნობია განწყობილება — ზოგჯერ ხალისიანი და სადღესასწაულო, ზოგჯერ — სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც.