საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინელ კოლეგებთან გამართულ კონსულტაციებზეც „POS TV“- ის ეთერში ისაუბრა.

„უკრაინელ ხალხთან ისტორიული და მეგობრული კავშირი გვაქვს, აქედან გამომდინარე ამ მეგობრობას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გარდა ხალხთა და ქვეყნებს შორის მეგობრობისა, ასეთივე მეგობრობა იყოს ჩამოყალიბებული ხელისუფლებებს შორისაც. შესაბამისად, გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და როგორც მეგობრებმა დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია უკრაინის ხელისუფლების მიმართ. ასევე სხვადასხვა დონეზე გვქონდა კომუნიკაცია, მათ შორის იყო წერილობითი კომუნიკაცია, მაგალითად, იყო პარლამენტის თავმჯდომარის წერილი ვერხოვნაია რადას თავმჯდომარის მიმართ და გარდა ამისა ჩვენ გვქონდა ყოველდღიური კომუნიკაცია, მათ შორის ჩვენ ვმუშაობთ საპარლამენტო ასამბლეებში და ტრადიციულად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უკრაინის დელეგაციებთან. უკრაინელი კოლეგები თავიდანვე გაგებით მოეკიდნენ ჩვენ შეშფოთებას, უმეტესობას პოზიცია არ ქონდა ჩამოყალიბებული და როდესაც შედგა პირველი კომუნიკაცია მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის ინფორმაცია, რომელიც სააკაშვილის საქართველოში მოღვაწეობასთან დაკავშირებით მიიღეს. საუბარი იყო მხოლოდ ფაქტებზე და როგორც აღმოჩნდა ეს ფაქტები საკმარისი აღმოჩნდა, იმისთვის რომ გადაეხედათ შესაძლო გადაწყვეტილებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.