სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-ზე ფორმულას ტელეწამყვანზე ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ტიპის ქმედებების მიმართ სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს მკაცრი. ჟურნალისტის პროფესია და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოს დემოკრატიულობის უმნიშვნელოვანესი ნიშანია.

ლომჯარიას თქმით, ქვეყანაში უნდა არსებობდეს ინფორმაციის გავრცელების თავისუფალი შესაძლებლობა, მიუხედავად მისი შინაარსისა.

“უკიდურესად შემაშფოთებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა.
ამ ტიპის ქმედებების მიმართ სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს მკაცრი. ჟურნალისტის პროფესია და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოს დემოკრატიულობის უმნიშვნელოვანესი ნიშანია. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ინფორმაციის გავრცელების თავისუფალი შესაძლებლობა, მიუხედავად მისი შინაარსისა. თუკი ჟურნალისტს თავს ესხმიან მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს დანაშაულებრივი ქმედებები ადეკვატურ და მკაცრ რეაგირებას საჭიროებს, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები”, – წერს ომბუდსმენი.

ომბუდსმენი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ აწარმოოს ეფექტური გამოძიება და იმსჯელოს სპეციფიკური შემადგენლობის გამოკვეთაზე და უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა ადეკვატური დასჯა.

ვახო სანაიას სამი პირი ვაკეში თავს გამთენიისას დაესხა. როგორც სანაია ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაია ამბობს, რომ სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული, დაშავებულია მისი რძალიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. მათი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ვახო სანაიასა და მისი ნათესავის მიმართ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო