თურქეთის ხელისუფლებამ, სამხრეთ თურქეთში ტყეების დაწვის საქმეზე, ექვსი ეჭვმიტანილი  დააპატიმრა,-იუწყება გაზეთი Cumhuriyet-ი. 

 

ტყის ხანძარი სამხრეთ თურქეთის პროვინციებში ათი დღეა გრძელდება. მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა  რეჯეფ თაიპ ერდოღანმა გამოაცხადა, რომ იყო ერთი პიროვნება დაკავებული ტყეების შესაძლო ცეცხლის გაჩენის ბრალდებით.

 

გაზეთის თანახმად, 2 აგვისტოს უშიშროების ძალებმა მოლოტოვის კოქტეილებით შეიარაღებული  ოთხი ადამიანი დააკავა, რომლებიც ცდილობდნენ გაქცევას.  ადგილობრივმა მოსახლეობამ სცადა მათი ლინჩის წესით გასამართლება, მაგრამ სამართლადამცავებმა ამის ნება არ მისცეს. 

მოგვიანებით, სამი მათგანი დააპატიმრეს, ხოლო ერთი გაათავისუფლეს. კიდევ სამი ადამიანი დააპატიმრეს ბოდრუმში მას შემდეგ, რაც მათ სიგარეტის ნამწვები გადმოაგდეს მანქანიდან ტყის სარტყლის გასწვრივ მშრალ ბალახზე სოფელ მუმჯულართან ახლოს.

პარასკევს, თურქეთის სატყეო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ  ქვეყნის სამხრეთით 12 ტყის ხანძრის ჩაქრობა გრძელდება. მათ შორის ცხრა, თურქეთის საკურორტო პროვინციებში ანტალიასა და მუგლაში. როგორც რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ფაჰრეტინ კოჩამ განაცხადა,  თურქეთში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, ხოლო დაზარალებულთა რიცხვი – 864 -მდე.

 

 

თამო თავხელიძე