2024 წლის თებერვალში საქონლის რეგისტრირებული საგარეო ვაჭრობის დეფიციტი წინა წელთან შედარებით
6.3%-ით გაიზარდა და 650.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საგარეო ვაჭრობის დეფიციტის ზრდა იმპორტის მატებას
უკავშირდება. აღნიშნულ თვეში, საქონლის იმპორტმა წლიურად 4.4%-ით 1,115.3 მლნ აშშ დოლარამდე მოიმატა,
ხოლო ექსპორტი წლიურად 2.0%-ით შემცირდა და 464.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

იმპორტი – თებერვალში საქონლის იმპორტი წლიურად 4.4%-ით გაიზარდა. საქონლის იმპორტის მატება
უმეტესად საინვესტიციო სახის საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა. სამომხმარებლო საქონელის იმპორტი
ზომიერად გაიზარდა, ხოლო შუალედური სახის იმპორტმა კვლავ დაიკლო. საინვესტიციო საქონლის იმპორტის
მატება უმეტესად სხვა საფრენი აპარატების, სატვირთო ავტომობილებისა და 10 მგზავრზე მეტი გადამყვანი
ავტომობილების გაყიდვების ზრდამ განაპირობა. შუალედური სახის საქონლის იმპორტის კლება უმეტესად
რეექსპორტისთვის განკუთვნილი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების მნიშვნელოვანმა შემცირებამ
განაპირობა. გარდა ამისა, ნავთობაირებისა და რკინის მადნების სხვადასხვა პროდუქტების იმპორტმა წლიურად
დაიკლო. მეორე მხრივ, ნახშირბადიანი ფოლადის ნაგლინის, რეზინის პნევმატური სალტეებისა და სპირტიანი
სასმელების იმპორტმა მოიმატა. სამომხმარებლო სახის საქონლის მატებაში ყველაზე მეტი წვლილი ნავთობისა
და ნავთობპროდუქტების შესყიდვების ზრდამ შეიტანა, თუმცა ამავე ჯგუფში შემცირდა მსუბუქი ავტომობილების,
სამკურნალო საშუალებების, სატელეფონო აპარატებისა და სიგარეტები-სიგარილების ჯგუფების იმპორტი.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მსხვილი საიმპორტო ჯგუფის – მსუბუქი ავტომობილებისა და ნავთობაირების –
იმპორტის წლიურად კლებისა, მათი მოცულობა მთლიან იმპორტში მნიშვნელოვან წილს იკავებს. მთლიანობაში,
თებერვალში წლიურად საქონლის იმპორტმა რეალურად 1.0%-ით მოიმატა.

 

ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან იმპორტის მატებაში მაღალი წვლილი შეიტანა თურქეთმა, რაც
შერეული საქონლის, 10 მგზავრზე მეტი გადამყვანი ავტომობილების, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ასევე
სამკურნალო საშუალებების შემოტანის ზრდას უკავშირდება. თუმცა, ამ ქვეყნიდან მსუბუქი ავტომობილებისა და
სიგარეტები-სიგარილების წლიურად დაიკლო. ჩინეთიდან იმპორტის მატება უმეტესად სატელეფონო აპარატების,
საყინულეების, სატვირთო ავტომობილებისა და გემის სხვადასხვა ამწეების, ბულგარეთიდან ნავთობისა და
ნავთობპროდუქტების, ასევე შერეული საქონლის, ხოლო რუსეთიდან სპირტიანი სასმელების, დატეხილი
მარცვლეულისა და კაკაოს შემცველი მზა პროდუქტების იმპორტმა განაპირობა. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია
ყატარიდან სხვა საფრენი აპარატების, ნიდერლანდებიდან გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების, ასევე
სამკურნალო საშუალებების, რუმინეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ჰონკონგიდან ტელე-რადიო
აპარატურის ნაწილების, საფრანგეთიდან სასმელების წარმოებაში გამოსაყენებელი ნარევების, პოლონეთიდან 10
მგზავრზე მეტი გადამყვანი ავტომობილების მნიშვნელოვანი მატება. ამის საპირისპიროდ, დანარჩენი ქვეყნებიდან
იმპორტის კლების კუთხით გამოირჩეოდა აშშ – მსუბუქი ავტომობილების, სომხეთი სპილენძის მადნებისა და
კონცენტრატების, აზერბაიჯანი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, შვეიცარია სამკურნალო საშუალებების, ბელგია
და იაპონია მსუბუქი ავტომობილების შემცირებული შესყიდვების გამო. აღნიშნულ თვეში, 7 ძირითად სავაჭრო
პარტნიორზე მთლიანი იმპორტის 62% მოდიოდა. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით იმპორტი უფრო
ნაკლებად დივერსიფიცირებული იყო.
თებერვალში იმპორტირებულ საქონელში წამყვანი წილი
მსუბუქ ავტომობილებს, ასევე ნავთობპროდუქტებსა და
ნავთობაირებს (27%-იანი წილი მთლიან იმპორტში) ეჭირა. აღსანიშნავია, რომ თებერვალში იმპორტი სასაქონლო
კატეგორიების მიხედვით წინა წლის თებერვალთან შედარებით უფრო მეტად დივერსიფიცირებული იყო.

 

ექსპორტი – თებერვალში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 2.0%-ით გაიზარდა. საქონლის
ექსპორტის მატება მეტწილად სამომხმარებლო სახის საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა, ხოლო შუალედური
და საინვესტიციო საქონლის ექსპორტმა მნიშვნელოვნად დაიკლო. სამომხმარებლო სახის საქონლის ჯგუფში მსუბუქი
ავტომობილების რეექსპორტმა, ასევე ყურძნის ნატურალური ღვინოების, სპირტიანი სასმელებისა და სამრეწველო
დანიშნულების თამბაქოს ექსპორტმა კვლავ მოიმატა, რამაც მთლიანი ექსპორტის ზრდას ხელი მნიშვნელოვნად
შეუწყო. შუალედური საქონლის ექსპორტის კლებაში მნიშვნელოვანი წვლილი (43.6 პპ) სპილენძის მადნებმა და
კონცენტრატებმა შეიტანეს. გარდა ამისა, ადგილობრივი საქონლის ჯგუფებიდან აღსანიშნავია მინერალური და
ქიმიური სასუქების ექსპორტის მნიშვნელოვანი მატება. თებერვალში, წინა წლის ბოლო თვეებისგან განსხვავებით,
ფეროშენადნობების ექსპორტი მაღალი იყო, თან ასევე წლიურად მისი მოცულობა გაიზარდა. ამასთანავე,
ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტმა კვლავ მოიმატა. საინვესტიციო საქონლიდან 10
მგზავრზე მეტი გადამყვანი ავტომობილების, გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების, ასევე სატელეფონო
აპარატებისა და სამედიცინო ხელსაწყოების ექსპორტმა დაიკლო, ხოლო სხვა საფრენი აპარატების ექსპორტმა
მოიმატა. თებერვალში საქონლის ექსპორტის მოცულობა რეალურად 0.7%-ით შემცირდა.

რეგიონის ქვეყნებიდან საექსპორტო შემოსავლების მატებაში მაღალი წვლილი შეიტანა ყირგიზეთსა და ყაზახეთში
ექსპორტის ზრდამ, რაც უმეტესად მსუბუქი ავტომობილების მკვეთრად გაზრდილმა გაყიდვებმა განაპირობა. გარდა
ამისა, რუსეთში ყურძნის ნატურალური ღვინოების, ასევე სპირტიანი სასმელებისა და მინერალური წყლების, ხოლო
უკრაინაში ფეროშენადნობებისა და მინერალური წყლების ექსპორტი მცირედით გაიზარდა. დანარჩენი ქვეყნებიდან
აღსანიშნავია პერუში მინერალური და ქიმიური სასუქების, ეგვიპტეში ფეროშენადნობების, ასევე თევზის ქონები
ფრაქციების, ისრაელში ხილისა და ბოსტნეულის წვენების, იტალიაში ფეროშენადნობების გაყიდვების მატება.
აღსანიშნავია ასევე, რომ ბოლოდროინდელი თვეების მსგავსად, უზბეკეთში სამკურნალო საშუალებების ექსპორტი
გაიზარდა. ამის საპირისპიროდ, რეგიონის სხვა ქვეყნებში ექსპორტი შემცირდა. კერძოდ, ჩინეთსა და ბულგარეთში
სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, სომხეთსა და ტაჯიკეთში მსუბუქი ავტომობილების, ალჟირსა და აშშ
ში ფეროშენადნობების, ლიეტუვაში გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების, ხოლო ბელგიაში ძვირფასი
ლითონების მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი შემცირდა. აღნიშნულ თვეში, 7 ძირითად სავაჭრო
პარტნიორზე მთლიანი ექსპორტის 75% მოდიოდა. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით ექსპორტი უფრო
მეტად დივერსიფიცირებული იყო.
თებერვალში საქონლის ექსპორტის უდიდესი წილი მსუბუქ ავტომობილებს (32%-იანი წილი მთლიან ექსპორტში)
ეჭირა. წილობრივად ასევე მაღალი იყო ყურძნის ნატურალური ღვინოების, ფეროშენადნობებისა და სპირტიანი
სასმელების ექსპორტი. საქონლის ექსპორტის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი (3.9 პპ მთლიან ცვლილებაში)
მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა შეიტანა, რომელიც წლიურად 13.6%-ით გაიზარდა. წინა თვეების მსგავსად,
მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის ზრდის ტემპი ამჯერადაც შემცირდა. გარდა ამისა, ექსპორტის მოცულობაზე
სპირტიან სასმელებზე, სამრეწველო დანიშნულების თამბაქოსა და სამკურნალო საშუალებებზე საგარეო მოთხოვნის
არსებითი მატება დადებითად აისახა. წინა წელთან შედარებით სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ექსპორტი უფრო
ნაკლებად დივერსიფიცირებული იყო.