2020 წლის საპარლამენტო არჩევნები რიგითი მოვლენა არ გახლდათ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს იყო მორიგი ეტაპი, უფრო სწორად გამოცდა, რომლის ჩაბარებაც საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს თავისი არსებობის ბოლო 30 წლის განმავლობაში ევალებოდა. კარგად გვახსოვს გასული საუკუნის 80-იან წლებში დაწყებული ეროვნული მოძრაობა და სამოქალაქო ომი. მას მოჰყვა ბნელი 90-იანების კორუფცია და კრიმინილის არნახული ზრდა. მერე 2003 წლის ვარდების რევოლუცია, რეფორმები და კრიმინალთან შეურიგებელი ბრძოლა. შემდგომ 2012 წლის არჩვენები და ადამიანის უფლებების დაცვის მოტივით ხელისუფლების ცვლილება. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე ყველა ხელისუფლებას ჰქონდა ავტოკრატიული რეჟიმის შექმნის მცდელობა, რაც ძირითადად იმაში გამოიხატებოდა, რომ ოპოზიციას ქუჩის გარდა, არავითარ ბერკეტს არ ვუტოვებთ ქვეყნის მართვაში მონაწილეობის მისაღებად (პერფომანსებით მოგეხსენებათ ქვეყანა არ იმართება). მაგრამ მიუხედავათ ამისა, არცერთი ხელისუფალი ორი საარჩევნო ვადაზე მეტად ქვეყნის სათავეში არ გაჩერებულა. მათი შეცვლა მხოლოდ ქუჩაში ხალხის მღელვარებისა და პროტესტის ფონზე ხდებოდა. 

მხოლოდ 2012 წელს პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლების გადაბარება მშვიდობიანად, არჩევნების გზით მოხდა. მანამდე ამის პრეცენდენტი არ გვქონია. სწორედ ამიტომ იყო საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის 2020 წლის არჩევნები მნიშვნელოვანი, რომ 1) დღევანდელ მმართველ პოლიტიკურ ძალას ორი საარჩევნო ვადა გასდიოდა; 2) ჩვენს საზოგადოებას შანსი ეძლეოდა, მორიგ ჯერზე ხელისუფლება ცივილიზირებული ფორმით, საარჩევნო ურნებთან შეეცვალა, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება და არა ქუჩაში. მაგრამ ქართული ოცნების დამსახურებით სამწუხაროდ ეს გამოცდა ქართულმა დემოკრატიამ წარმატებით ვერ ჩააბარა. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დანაშაულებრივად გაყალბდა. ხელისუფლებაში მესამე ვადით ქართული ოცნება დარჩა. მასთან ერთად  უპერსპექტივობის განცდა, ჩამოშლილი და ერთი პიროვნების ინტერესებს დაქვემდებარებული სახელმწიფო აპარატი, მზარდი საგარეო ვალი, კრიმინალი, უმუშევრობა და სიღარიბე, ასევე გაზრდილი ფასები და გადასახადები, შემცირებული შემოსავლები, უკონტროლო ლარის კურსი, პოლიტიკური კრიზისი და ერთპარტიული პარლამენტი შეგვრჩა.

როგორ მივედით აქამდე? შეცდომები დაშვებული იქნა როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური ძალების მხრიდან. ოპოზიციური პარტიების მთავარი შეცდომა მოლოდინები იყო, რომელიც მათ საკუთარ ელექტორატს მობილიზებისთვის შეუქმნეს და საბოლოო ჯამში თავადაც ამ „შექმნილი თეორიების“ ტყვეობაში აღმოჩნდნენ. კერძოდ, არჩევნების წინ არსებული ხელისუფლების მიმართ აშშ-ს კონგრესიდან წამოსულმა მკვეთრმა და კრიტიკულმა განცხადებებმა, ასევე მესამე ვადით ქართული ოცნების არჩევის უპერსპექტივობამ, ეგრეთწოდებულმა ვითომ და ქართული პოლიტიკის „ტრადიციებმა“ შექმნეს ილუზია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ვერ „გაიმარჯვებდა“. უფრო სწორად წინასაარჩევნოდ მუსირებდა და სერიოზულად განიხილებოდა მოსაზრება, რომ ხელისუფლება ვერ გაბედავდა არჩევნების გაყალბებას, რადგან ამას ხელს შეუშლიდა ნეგატიურად განწყობილი ამომრჩეველი, ხოლო ჩვენი დასავლეთელი პარტნიორები საქართველოს „პუტინიზაციას“ არ დაუშვებდნენ. ამ ილუზიების შედეგი იყო ის, რომ ოპოზიციურმა ფრთამ უხეში შეცდომა დაუშვა და ყურადღება არ მიაქცია მანკიერი საარჩევნო სისტემის ნეგატიურ როლს ამ არჩევნებში. რითაც ცენტრალური საარჩევნო კომისის სათავეში თამარ ჟვანიას (თავისი აპარატით) დატოვებას ხელი არ შეუშალა, ხოლო ხელისუფლებას მნიშვნელოვანი ბერკეტი დაუტოვა საარჩევნო ხმების გასაყალბებლად. 

მეორე შეცდომა, თუ შეუსრულებელი მისია, რომელიც ოპოზიციურმა ფრთამ ვერ განახორციელა ეს ქართველი ამომრჩევლისა და ჩვენი უცხოელი პარტნიორების დარწმუნება იყო მომავალი კოალიციური მთავრობის ეფექტურობაში. რადგან სურვილებისა და ზოგადი კონცეფციების იქით საქმე წინ არ წასულა. არ არსებობდა კონკრეტული ხედვა (გაწერილი გეგმა), თუ როგორ აპირებდა ოპოზიციური ფრთა გამარჯვების შემთხვევაში მთავრობის ფორმირებას. ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკების მაგიდასთან ერთმანეთს განიხილავდნენ არა მარტო მოკავშირეებად არამედ ერთმანეთის კონკურენტებადაც. ბუნებრივია ყველას ჰქონდა იმის სურვილი, რომ სხვებთან შედარებით რაც შეიძლება უკეთეს პირობებში ყოფილიყო მისი პოლიტიკური ძალა წარმოდგენილი. იმის გამო, რომ თამაშის საერთო წესები თავიდანვე არ განისაზღვრა, წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებს შორის ფარული დაპირისპირება მუდმივად არსებობდა, რასაც ოპოზიციურად და ნეიტრალურად განწყობილ ელექტორატში დაბნეულობა შეჰქონდა. აღნიშნულმა ფაქტორმა ასევე ხელი შეუშალა პროცესის კონსტრუქტივიზმის სანდოობაში ჩვენი დასავლეთელი პარტნიორების თვალში. მათ კარგად ვერ დაინახეს კოალიციური მთავრობის შექმნის პერსპექტივები და მომავალი. უფრო მეტიც, როგორც ირკვევა ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციური ფრთის დისკრედიტაციის ლობირებისთვის ვაშინგტონში სერიოზულ ფულს ხარჯავდა, რასაც ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ. ამ შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს კიდევ უფრო მეტი ინფორმაციული სახის სამუშაოს ჩატარება მოეთხოვებოდათ დიპ. კორპუსთან.

რაც შეეხება ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას, არა მარტო შეცდომები იქნა დაშვებული, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც გამოიკვეთა მათი მხრიდან, რომელიც ძირითადად არჩევნების შედეგების მითვისებაში გამოიხატა. ქართულმა ოცნებამ 2020 წლის არჩევნების გაყალბებისთვის მზადება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც საზოგადოებას მისი 130/20 სისტემით ჩატარება შესთავაზა. მათ მოლოდინი ჰქონდათ, რომ ახალი საარჩევნო კონფიგურაციით ხელისუფლებაში დარჩებოდნენ, რადგან პროპორციულში ამომრჩეველთა ხმების 45-50%-ის აღების იმედი ჰქონდათ, რასაც მეორე ტურში 20-25 მაჟორიტარის პორტფელი დაემატებოდა. არჩევნების დღეს მას შემდეგ რაც უბნები დაიკეტა საარჩევნო კომისიის ქართული ოცნების წევრები მიხვდნენ, რომ პარტიულ დავალებას ვერ ასრულებდნენ, ანუ მმართველი ძალა პროპორციულ ნაწილში საჭირო ხმების რაოდენობას ვერ აგროვებდა. პირველ ეტაპზე არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ და დირექტივების მიღებას ზემოდან ელოდნენ. ამიტომ იყო, რომ საარჩევნო უბნების უმეტეს ნაწილში ხმის დათვლის პროცედურა უაზროდ გაიჭიმა. სწორედ ამ მიზეზის გამო შედეგების გამოქვეყნებას საჯაროდ აგვიანებდა ცენტრალური საარჩევნო კომისიაც. გამოსავალი მარტივად მოინახა. მაგალითად, ქართული ოცნების სასარგებლოდ ოქმებში საწერი კალმის ერთი მოსმით ციფრი 100-ის 400-ად ადვილად გადაკეთდა და ა.შ. ეს ტექნოლოგია ქართული ოცნების კომისიის წევრებისთვის ნამდვილ მიგნებად იქცა, თან ისე, რომ არაფრად დაგიდევდნენ დაუბალანსებელ ოქმებს. ასეთი დაუბალანსებელი ოქმები ჯამში საარჩევნო უბნების 30%-ში დაფიქსირდა. 

უფრო ადვილად, რომ წარმოვიდგინოთ საქართველოს საარჩევნო ისტორიაში რა უპრეცენდენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, უნდა გავიხსენოთ ბნელი 90-იან წლებში ჩატარებული არჩევნები. იმ პერიოდისთვის საარჩევნო ურნების გატაცება, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, ფიზიკური ძალადობა, კომისიის წევრების დაჭრები და სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებები ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა. მაგრამ ასეთი ჩატარებული არჩევნების ფონზეც კი, საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებიც ხშირად სანთლის შუქზე ღამეებს ათენებდნენ, საოლქო საარჩევნო კომისიებს დაუბალანსებულ ოქმებს მაინც არ აბარებდნენ.  იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით ჟვანიას კომისიის წევრებზე, რომელთაც ახალი მათემატიკა აღმოაჩინეს, სადაც ორჯერ ორი არამ თუ ოთხის არამედ ორმოცდაერთის ტოლია. 

რაც შეეხება ქართული ოცნების პოლიტიკურ შეცდომებს, უბრალოდ მათ ერთი რამ ვერ გათვალეს, ეს ოპოზიციის გადაწყვეტილება იყო მეორე ტურში მონაწილეობის არ მიღების თაობაზე. რომელმაც პრაქტიკულად განაჩენი გამოუტანა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურობას. არჩევნების შედეგების არ აღიარებამ და პარლამენტში ოპოზიციური პარტიების არ შესვლამ საბოლოო წერტილი დაუსვა ერთპარტიულ პარლამეტს.  ქართული ოცნების ქმედებებმა, რომელიც ნაკარნახევი იყო უფრო პარტიული და არა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზის შექმნას შეუწყო ხელი. ქართულ სახელმწიფოს ისტორიული შანსი ჰქონდა დაემტკიცებინა ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ ჩვენ მისი ნაწილი ვართ. მაგრამ სამწუხაროდ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაშვებული იქნა. 

ქართული პოლიტიკური კლასი დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ახალმა პოლიტიკურმა კონიუნქტურამ ბევრი პარტია შეიძლება დაშალოს, ხოლო ბევრი პოლიტიკოსი პოლიტიკური რადარებიდანაც კი გააქროს. ამისგან დაზღვეული არამთუ პატარა, არამედ დიდი პარტიებიც კი არ არიან. ეს პროცესები უკვე დაწყებულია და უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ დავინახეთ, რომ სამი პარტიის ლიდერმა (გრიგოლ ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე, ბიძინა ივანიშვილი) პარტიაში თავისი პოზიციები უკვე დათმეს. „გირჩი“ პრაქტიკულად ორ ნაწილად დაიშალა. პოლიტიკური ლანშაფტი ახალ რეალობაში როგორ შეიცვლება არავინ არ იცის. მაგრამ ერთი რამ ახლავე უცილებლობლად შეიძლება ითქვას, მძიმე სოციალური გაჭირვების ფონზე, თუ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ნეგატიურად არამარტო ხელისუფლების მიმართ, არამედ მთლიანად პოლიტიკური კლასის მიმართ იქნება განწყობილი. მსგავსი ტენდენციები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შეინიშნება  და არჩევნების შემდგომ პერიოდსი აშშ-ში მიმდინარე მოვლენები ამის ნათელი მაგალითია.

 თუმცა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არ არის. ოპოზიციურ ფრთას საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში ბევრი თავისუფალი დრო რჩება იმისთვის, რომ არჩევნების წინ დაშვებული შეცდომები გამოასწოროს. ამისთვის საჭიროა: 1) ახალი საარჩევნო სისტემის შემუშავებაზე დღესვე დაიწყოს ფიქრი; 2) ჩვენს საზოგადოებას კარგად გააცნოს კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა და მისი მიღწევის რეალური გზები, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციას  მომავლისთვის აჩვენოს მისი სიცოცხლისუნარიანობა და ეფექტურობა. თუ ოპოზიციური ფრთა შეინარჩუნებს აქტიურობას და აქამდე არსებულ ერთიანობას, ქართული ოცნება იძულებული იქნება დათმობებზე წავიდეს, რაც ქვეყნის ინტერესებს ნამდვილად წაადგება.

 

P.S. შემთხვევით არ არის, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების ცვლილება ყოველ 10 წელიწადში ერთხელ მაინც ხდება. საზოგადოებას ბეზრდება ერთი და იგივე სახეების ყურება პოლიტიკაში და არ აქვს მნიშვნელობა რა წარმატებებს მიაღწიეს მათ მანამდე პოლიტიკურ ცხოვრებაში. მეორე მსოფლიო ომის გმირები, იუსტონ ჩერჩილი და შარლ დე გოლი ამის კარგი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა სამყაროს ნაცისტური საფრთხე თავიდან აარიდეს, იუსტონ ჩერჩილმა 1945 წლის ივლისის მორიგ არჩევნებში მარცხი განიცადა, ხოლო შარლ დე გოლი ქვეყნის ხელმძღვანელობიდან ქუჩაში ახალგაზრდების საპროტესტო აქციების გამო გადადგა. დღევანდელ რეალობაში ამ მხრივ ყველაზე თავლსაჩინო მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიაა. ამერიკელებისთვის ქვეყნის ინტერესები საკუთარი და პარტიული ინტერესებზე მაღლა დგას. აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საკუთარი ქმედებით გვიჩვენა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი პოლიტიკოსი. მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად თავის ამომრჩევლებს  კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისკენ მოუწოდა, ვიცე პრეზიდენტმა პარტიული ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენა და მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების პროცესი კონგრესში არ შეაჩერა, რითაც მოგებული დატოვა ამერიკის დემოკრატია. აი ვისგან უნდა ავიღოთ მაგალითი ჩვენ ქართველებმა.

ავტორი: ალექსი ნონიაძე