უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ კვირაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად მიმართა შესაბამის სამსახურებს გამოძიება დაეწყოთ ფსბ-ს მე-5 განყოფილების ხელმძღვანელობის მიმართ. შეგახსენებთ, რომ უშიშროების ფედერალური სამსახურის ეს ქვედანაყოფი (ოფიციალურად სახელწოდებით ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური) შექმნილია პოსტსაბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ფერადი რევოლუციების განხორციელების შემდეგ და საგარეო დაზვერვის ფუნქციებს ასრულებს. ამ სამსახურის მუშაობის სპეციფიკა დაზვერვის სხვა დანაყოფების მოქმედებებისგან იმით განსხვავდება, რომ მათი მთავარი ამოცანა არა კლასიკური ჯაშუშობა, არამედ ყოფილ სოციალისტურ რესპუბლიკებში პრორუსული პოლიტიკური ძალების მხარდაჭერაა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დიდი ხნით ადრე მე-5 განყოფილების ოფიცრები აქტიურად მუშაობდნენ ამ ქვეყანაში. მათი მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის განწყობების შესწავლა და რუსული სამხედრო ძალებისთვის კიევისკენ მიმავალ გზაზე უსაფრთხო ზურგის შექმნა მეხუთე კოლონის სახით. აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელობა პუტინს არწმუნებდა, რომ უკრაინის ანექსია რუსული შეიარაღებული ძალებისთვის მსუბუქი გასეირნების ტოლფასი იქნებოდა. ადგილობრივი, განსაკუთრებით კი რუსელ ენოვანი, მოსახლეობა ყვავილებით და ოვაციებით შეხვდებოდა მათ. ამისთვის რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან კოლოსალური 5 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო სახარჯოდ.
მთელმა მსოფლიომ დაინახა უკრაინის მოქალაქეების მედგარი წინააღმდეგობა აგრესორების მიმართ. რუსული დაზვერვის მონაცემები არ გამართლდა. კორუფციული სქემების დახმარებით ამ პროექტისთვის გამოყოფილი ფულის დიდი ნაწილი, სავარაუდოდ უკრაინელი ოლიგარქის მედვეჩუკისა და რუსი გენერლების ჯიბეებში დაილექა. პუტინი ცოფებს ყრიდა ამის გამო. უცნობია ფსბ-ს ამ ქვედანაყოფის ხელმძღვანელების ბედი. დაუზუსტებელი ინფორმაციით ისინი ან შინაპატიმრობაში იმყოფებიან, ან ლეფორტოვოს ციხეში უკვე ლიკვიდირებულნი არიან. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ამ ისტორიამ გაასაჯაროვა თანხების ოდენობა, რომელიც დაზვერვის სამსახურებისათვის სპეცოპერაციებში იხარჯებოდა. როგორც წესი ამ ინფორმაციას ნებისმიერი სახელმწიფო საიდუმლოდ ინახავს და მხოლოდ ნდობის ჯგუფში შემავალ რამდენიმე მაღალჩინოსანს გააჩნია მასზე წვდომა.
რუსეთის დაზვერვის აღნიშნული სამსახური აქტიურად საქართველოშიც მუშაობს და თავისი მიზნების მისაღწევად საკმაოდ დიდ თანხასაც ხარჯავს. მუშაობის მეთოდები განსხვავებულია, მაგრამ მთავარი იარაღი იდეოლოგიური ბერკეტებია, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ. ცენტრალური ადგილი მათ სტრატეგიაში ერთ იდეას უკავია, დაგვარწმუნონ ქართველი ხალხი, რომ ჩვენ დამოუკიდებლად არაფერი არ შეგვიძლია, რომ ჩვენ გვჭირდება „უფროსი ძმა“, რომელიც გვიპატრონებს და სიმართლის გზაზე დაგვაყენებს.
ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც რუსული სპეცსამსახურების მხრიდან ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება, ქართული პოლიტიკური კლასის დისკრედიტაციიდან დაწყებული და ნატოს ალიანსში გაწევრიანების უპერსპექტივობაში ქართველი ხალხის დარწმუნებით დამთავრებული, დაიყვანება ამ მთავარ იდეამდე -„ჩვენ უსუსურები ვართ“. მსგავსი იდეოლოგია არ ახალია და საუკუნეების განმავლობაში იმპერიების მხრიდან დაპყრობილი მცირე ერების მიმართ ყოველთვის გამოიყენებოდა. ხალხის მასობრივი დაკომპლექსება, დაზომბება და მათში ცხოველური პირველადი თვითგადარჩენის ინსტიქტების გაღვიძება ყველაზე კარგი საშუალებაა წინააღმდეგობის ჩაკვლის და მერე მათი მართვის. ცნობილი ფრაზა: „დაყავი და იბატონე“ სწორედ აქ მიესადაგება ყველაზე კარგად.
საქართველოში პოლიტიკური კრიზისების მთავარ ავტორებად უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსული სპეცსამსახურები გვევლინებიან. ყველაზე მეტად დაინტერესებული ამ საკითხით ისინი არიან. თუ ვინმე რჩება მოგებული იმით, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული გზით არ განვითარდეს, ეს რუსეთია. ეს უკანასკნელი სტიმულირებს ნეგატიურ პროცესებს საქართველოში, რათა დაპირისპირების გარეშე არ მოხდეს ხელისუფლებათა ცვლა, პროვოცირებს კონფლიქტებს საზოგადოებაში და ამომრჩევლის თვალში ორივე მხარეს, როგორც პოზიციას ისე ოპოზიციას, დისკრედიტაციას უწევს. მართალია უშეცდომო არც პოლიტიკური პარტიები არ არიან და ქვეყანაში დეპრესიულ ფონს მხოლოდ გარე ფაქტორებს ვერ დავაბრალებთ, მაგრამ ძირითად ნაწილი ვფიქრობ მოსკოვში, ლუბიანკაზე დაწერილი ანალიტიკოსების გეგმის ნაწილია.
გამოსავალი მარტივია. პირველ რიგში თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიჯეროთ, რომ ქართულ სახელმწიფოს მომავალი გააჩნია, საქართველო არ გამქრალა საუკუნეების განმავლობაში, ეხლაც არ გაქრება. მთავარია დავიჯეროთ საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების. ხელები არ ჩამოვუშვათ, თუ ჩვენს მიერ საარჩევნო ურნებთან დაშვებული შეცდომები ცხოვრებას გვირთულებს, შევცვალოთ არჩევანი და არ გადავუსვათ ხაზი მთელ პოლიტიკურ სპექტრს. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ნიჰილიზმი მთავარი იარაღია მტრის ხელში. გავხედოთ განვითარებული ევროპული ქვეყნების ისტორიას, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა პირველად არც მათ გამოსდიოდათ, მაგრამ ხანგძლივი მცდელობის შედეგად შეუძლებელიც შესაძლებელი გახადეს, მთავარია იდეისა გწამდეს.
უკრაინელმა ხალხმა ამ მხრივ დიდი ნაბიჯი გადადგა. მძიმე ჟამს ყველა შიდა პოლიტიკური უთანხმოება გვერდზე გადადო და მტერს ერთობლივად საერთო ძალებით ებრძვის. შედეგიც სახეზეა. უკრაინა აუცილებლად მოიგებს ამ ომს, ხოლო მისი მოქალაქეები ხვალ სხვა, უფრო თავისუფალ ქვეყანაში გაიღვიძებენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხის სიბრძნე და საუკუნოვანი გამოცდილება არ დაგვაშვებინებს შეცდომებს და ხვალ ფსბ-ს მე-5 განყოფილების საცდელ ბაჭიებად არ ვიგრძნობთ თავს.