რუსეთი მზადაა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევაში, თუ დასავლეთი გააუქმებს უკრაინის ომის გამო დაწესებულ სანქციებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს, 26 მაისს, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, იუწყება Reuters.

 

სახელმწიფოს მეთაურებმა განიხილეს, უკრაინაში არსებული ვითარება, სასურსათო კრიზისი და მისი გავლენა ღარიბ ქვეყნებზე.

 

ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში რუსეთი მზადაა მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტისთვის. კრემლმა განაცხადა, რომ პუტინმა მარიო დრაგის განუცხადა ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯების შესახებ, მათ შორის ჰუმანიტარული დერეფნების ყოველდღიური გახსნა აზოვისა და შავი ზღვების პორტებიდან სამოქალაქო გემების გასასვლელად, რასაც უკრაინული მხარე უშლის ხელს.

 

ახლა უკრაინის პორტებში 4,5 მილიონ ტონამდე მარცვლეულია დაბლოკილი, რომლის მიწოდება მყიდველებისთვის რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებების გამო შეუძლებელია.

 

ხორბლის მსოფლიო მარაგი საკმარისია მხოლოდ 10 კვირის გლობალური მოხმარებისთვის, განაცხადა ანალიტიკურმა კომპანია Gro Intelligence-ის ხელმძღვანელმა სარა მენკერმა გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას.

 

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა 26 მაისს სატელეფონო საუბარში გარანტია მისცა მარიო დრაგის იტალიაში გაზის უწყვეტი მიწოდება კონტრაქტებში დაფიქსირებულ ფასებში.

 

ზარის სხვა დეტალები არ გავრცელებულა.

 

 

თამო თავხელიძე