უკრაინის ომი მთელ მსოფლიოს ზიანს აყენებს, განაცხადა ოლაფ შოლცმა პეკინში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მოლაპარაკებების დაწყებამდე. გერმანიის კანცლერის თქმით, რუსული სამხედრო აგრესია, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის ხელახალი შეიარაღება, უარყოფითად აისახება ევროპის უსაფრთხოებაზე და „პირდაპირ ზიანს აყენებს“ ევროპულ ინტერესებს.

შოლცმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ირიბად ზიანს აყენებს „მთელ საერთაშორისო წესრიგს“, რადგან ის არღვევს გაეროს წესდების ძირითად პრინციპს – ეროვნული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს.

შეხვედრაზე ჩინეთისა და გერმანიის მთავრობის მეთაურებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობებისა და კლიმატის დაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები, რადგან ორივე ქვეყანას „ეკისრება პასუხისმგებლობა გლობალური საზოგადოებრივი სიკეთის დაცვაზე“.

თავის მხრივ, სი ძინპინმა თქვა, რომ ჩინეთი, უთანხმოების მიუხედავად, გერმანიასთან თანამშრომლობას ეყრდნობა.