უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე სხვა სახელმწიფოებს მსგავსი იარაღის შეძენის პროვოცირებას უწევს.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიო პოლიტიკოსები რუსეთის ფედერაციის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებისთვის ემზადებიან. ამის შესახებ მან ინდონეზიის მოქალაქეებისადმი მიმართვისას განაცხადა.

 

„რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები ღიად ემუქრებიან ბირთვულi იარაღiT. მსოფლიო პოლიტიკოსები ემზადებიან იმისთვის, რომ რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს ეგრეთ წოდებული ტაქტიკური ბირთვული იარაღი ან ქიმიური, ბიოლოგიური იარაღი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ზელენსკი თვლის, რომ მსგავსი ქმედებები შეცვლის სხვა სახელმწიფოების დამოკიდებულებას მასობრივი განადგურების იარაღის მიმართ. „თუ რუსეთი მიმართავს ბირთვულ შანტაჟს, მაშინ შესაძლოა ლოგიკური ჩანდეს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ძალებმა თავად შეიძინონ ბირთვული იარაღი.“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

შეგახსენებთ, რომ ზელენსკიმ 15 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ. მოგვიანებით, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სარატოვის ბირთვულ ცენტრში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია აგრესიაზე უპასუხოს, მაგრამ არ დაუშვებს მესამე მსოფლიო ომს.

 

 

თამო თავხელიძე