საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე კონგრესში ოთხი კონგრესმენი ერთიან განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში კონგრესმენები ამბობენ, რომ “ქართველი ხალხის მიერ წლობით გაწეული მძიმე სამუშაო” ახლა საფრთხის წინაშეა.

განცხადებას ხელს აწერენ წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიკსი, კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი მაიკლ მაკკოლი, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანა-თავმჯდომარეები კონგრესმენი ჯერი კონოლი და ადამ კინზინგერი.

“საქართველოს მეგობრებისთვის, რომლებიც დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ საქართველოს, გუშინ, თბილისში განვითარებული მოვლენები დამთრგუნველი სანახავი იყო. ქართველი ხალხის მიერ წლების განმავლობაში გაწეული მძიმე შრომა უფრო ძლიერი და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად, გადამეტებული ძალისა და არადემოკრატიული ქმედებების გამო სერიოზული საფრთხის ქვეშაა”, – აცხადებენ კონგრესმენები, წარმომადგენელთა პალატიდან.

პოლიტიკური უთანხმოების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მოვუწოდებთ “ქართული ოცნების” ლიდერებს, განმუხტონ ვითარება და იმუშაონ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა საქართველო დაუბრუნდეს ჯანსაღი დემოკრატიული მომავლის მშენებლობის გზას. ვშიშობთ, რომ სხვა მცირე პარტიებთან მუშაობის უუნარობა ხელს შეუშლის იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის მიმართულებით მიაღწია“, – ნათქვამია განცხადებაში.