ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასული წლების განმავლობაში, ოპოზიცია არც ერთი დღე არ ყოფილა კონცენტრირებული საქმეზე. მისივე თქმით, ეს არ იყო მათი ამოსავალი წერტილი და მთლიანად იყვნენ ორიენტირებული იმაზე, რომ პოლიტიკური ქულები დაეწერათ.

„ახლა ის ვითარებაა, როდესაც ერთადერთი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის საქმე, ამ პანდემიის და ეკონომიკური პრობლემების დაძლევა და არავის არ აინტერესებს, დღეს ვინ დაიწერს პოლიტიკურ ქულებს, იქნება ეს მმართველი პარტია თუ ოპოზიცია. ამ ვითარებაში, როდესაც ისინი არ არიან ორიენტირებული საქმეზე, არამედ ორიენტირებული არიან მხოლოდ ქულების დაწერაზე, ისინი აღმოჩნდნენ თამაშგარე მდგომარეობაში და ამის გამოვლინებაა ის განცხადებები, რომელიც კეთდება პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტების მუშაობის პრაქტა განმარტა. მისი თქმით, პარლამენტი მუშაობს ზუსტად იმ პრაქტიკის შესაბამისად, რა პრაქტიკაც არის ჩამოყალიბებული დემოკრატიულ ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობის დროს.

„საერთაშორისო პრაქტიკას რომ გადავხედოთ, ძალიან კარგად ჩანს თუ როფორ მუშაობს პარლამენტი დემოკრატიულ სივრცეში საგანგებო მდგომარეობის დროს. ასეთ დროს პარლამენტს უწევს საგანგებო რეჟომში გადასვლა, რაც ნიშნავს, რომ უკიდურესად შეზღუდულ რეჟიმში ტარდება პლენარული და საკომიტეტო სხდომები, ასეთი არის პრაქტიკა დემოკრატიულ სივრცეში და ასეთი პრაქტიკით უწევს მუშაობა პარლამენტსაც. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი უსაფუძვლო კრიტიკა. პარლამენტი მუშაობს ზუსტად იმ პრაქტიკის შესაბამისად, რა პრაქტიკაც არის ჩამოყალიბებული დემოკრატიულ ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობის დროს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​