ნატომ უნდა გაგზავნოს ჯარები დასავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარული მისიების შესასრულებლად და იარაღის მომარაგების წინსვლის ბაზის შესაქმნელად. ამის შესახებ The Times-თან ინტერვიუში ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა გაითვალისწინოს პუტინის მიერ ბირთვული იარაღით მუქარა, მაგრამ ამ შემთხვევამ ალიანსის პარალიზება არ უნდა გამოიწვიოს.

 

გენერალმა ნატოს უმოქმედობას კრემლის ჯილდო უწოდა. ბრიდლავმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის პუტინი აპირებს სახმელეთო დერეფნის აშენებას მოლდოვაში, მაგრამ ამისათვის მას სჭირდება ოდესის აღება. „ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია მარიუპოლის დაცემის შესაჩერებლად. რა გააკეთა დასავლეთმა იმისთვის, რომ ოდესა არ გამხდარიყო შემდეგი? ისევ არაფერი. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ოდესისთვის ბრძოლაში უკრაინელები მოიგებენ. გაგზავნილმა იარაღმა მარიუპოლამდე ვერ მიაღწია, რადგან დასავლეთი ძალიან ნელა მოქმედებდა – იარაღის ჩასვლისას რუსებს მარიუპოლიუკვე ალყაში ჰყავდათ“, – თქვა მან.

 

ამასთან დაკავშირებით გენერალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოდესამ უნდა მიიღოს საკრუიზო რაკეტები, S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემები და შორეული არტილერია. „დნეპრის დასავლეთით რუსული ჯარები არ არიან. რატომ არ შეგვყავს ნატოს ჯარები დასავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარული მისიების შესასრულებლად და იარაღის მიწოდების მოწინავე ბაზების შესაქმნელად?”- განაცხადა ბრიდლავმა.

 

სხვა საკითხებთან ერთად, გენერალმა აღიარა, რომ დონბასში დამანგრეველი მარცხი შეიძლება გახდეს პუტინის ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზი. ”ვფიქრობ, რომ “მოსკოვის” დაკარგვამ იგი თითქმის ამ ზომამდე მიიყვანა,” – თქვა მან.

 

 

 

 

თამო თავხელიძე