ევროკომისიამ დღეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა. სანქციები ევროკავშირის ქვეყნებს შორის გუშინ შეჯერდა.

ახალი ზომები ასეთია:

სრული აკრძალვა რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან მიმართებით ნებისმიერი სახის ტრანზაქციების განხორციელებისა.

ევროკავშირში რუსული ფოლადის პროდუქტების იმპორტის აკრძალვა, რომლის მოცულობაც, დაახლოებით, 3.3 მილიარდ ევროს შეადგენს. იმპორტის დაბალანსების მიზნით, EU იმპორტის კვოტებს სხვა ქვეყნებზე გადაანაწილებს.

აკრძალვა ახალი ინვესტიციების განხორციელებაზე რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში, შეზღუდული გამონაკლისებით სამოქალაქო ბირთვული ენერგიისა და გარკვეული ენერგეტიკული პროდუქტების ევროკავშირში დაბრუნებაზე.

ევროკავშირში წარმოებული ფუფუნების საქონლის ექსპორტის აკრძალვა. მაგალითად, ძვირადღირებულები საათები, მანქანები, სამკაულები და ასე შემდეგ.

სანქცირებული პირებისა და სუბიექტების სია კიდევ უფრო გაფართოვდა, რომელშიც შედის უფრო მეტი ოლიგარქი და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირი. ასევე უფრო მეტი კომპანია, რომელიც სამხედრო და თავდაცვის სფეროებში მოქმედებენ.

ევროკავშირის საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოების მიერ აიკრძალა რუსეთისა და რუსული კომპანიებისთვის საკრედიტო სარეიტინგო სერვისების მიწოდება.

კიდევ ერთი სანქცია, რაზეც EU წერს, არის რუსეთისთვის ვაჭრობაში უპირატესი პარტნიორის სტატუსის ჩამორთმევა, რის შესახებაც დიდმა შვიდეულმა და აშშ-მა 11 მარტს მიიღეს გადაწყვეტილება. ეს ცვლილება რუსეთს ევროკავშირთან ვაჭრობას დამატებით გაურთულებს.