რუსეთმა კიევზე საჰაერო იერიში შაბათ-კვირას მიიტანა, რათა სიგნალი გაეგზავნა შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ ამ დროისთვის უკრაინის დედაქალაქზე მორიგი თავდასხმის საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ ესტონეთის ელჩმა უკრაინაში კაიმო კუუსკმა განაცხადა, იუწყება ERR.

 

მისი თქმით, ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაციას სურს დასავლეთიდან სამხედრო დახმარების ნაკადი აღკვეთოს, მეორე მხრივ კი ეს შეიძლება იყოს სიგნალი შეერთებული შტატებისადმი. „ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ, საბოლოოდ დაინიშნა ამერიკის ელჩი კიევში და 1 ივნისს შედგა პრეზიდენტ ზელენსკის რწმუნებათა სიგელების გადაცემა“, – იხსენებს კუუსკი. ამავე დროს, მას მიაჩნია, რომ რუსი დამპყრობლების მიერ კიევის აღების მეორე მცდელობის რისკი არ არსებობს.

 

„პირველ რიგში, საჭირო იქნებოდა სევეროდონეცკის აღება და იქიდან გადასვლა. ამასაც ვერ გაართვეს თავი, ხარკოვიდან უკუაგდეს. მე ამ დროისთვის ვერ ვხედავ კიევზე თავდასხმას“, – თქვა დიპლომატმა.

 

მან ასევე განაცხადა, რომ ომის დასაწყისში კიევიდან ევაკუირებული უცხოური საელჩოები კვლავ უკრაინის დედაქალაქში ბრუნდებიან. ამ დროისთვის უკვე 50-ზე მეტი დიპლომატიური მისია მუშაობს. „ანუ ნახევარზე ცოტა მეტი, ევროკავშირის ქვეყნების ელჩების უმეტესობა ადგილზეა. ომამდე მყოფთაგან მხოლოდ ბელგია და ირლანდია არიან დაკარგული, დანარჩენები დაბრუნდნენ“, – აღნიშნა ელჩმა.

 

მან დაამატა, რომ დარწმუნებულია უკრაინელების გამარჯვებაში. თუმცა, რამდენად სწრაფად მოხდება ეს, დამოკიდებულია უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევაზე.

 

 

თამო თავხელიძე