“კრისტიან დანიელსონის მისია კვლავ შეუსრულებელი აღმოჩნდა – ევროპელი მედიატორის მომზადებული შეთავაზება მოლაპარაკების ყველა მხარემ დაიწუნა და უარი თქვა ხელის მოწერაზე. მოლაპარაკების ბედი გაურკვეველია. ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ ევროპელი მედიატორმა განაცხადა, რომ თავისი მისიის შედეგებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს გააცნობს და შემდეგ ის გადაწყვეტს, როდის და რა ფორმით გაგრძელდება ევროკავშირის მედიაციის პროცესი და გაგრძელდება თუ არა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიდი იმედგაცრუება – დანიელსონის შეთავაზებაზე ხელის მოწერას არც ერთი პარტია არ დათანხმდა.

“დღეს მე დავასრულე მეორე მედიაციის მისია საქართველოში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა. არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემებს, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას განსაკუთრებით პარლამენტში და ასევე გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა გაგრძელებულ დებატებს პოლიტიზირებულ სასამართლო საქმეეზე და ადრეულ არჩევნებზე და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობას და მე წარმოვადგინე ასეთი წინადადება და ის იქნება საჯარო დოკუმენტი ახლა. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აყენებს ყველა სხვა საკითხზე მაღლა და სამწუხაროა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო”, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა. მისი თქმით, სამშაბათს არ ყოფილა მზაობა იმისა, რომ კომპრომისი მიღწეულიყო”, – აღნიშნავს გამოცემა.

“საბოლოო ჯამში, საქართველოს დასავლელი პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოხვიონ გადაწყვეტილებები. ეს არ არის მეთოდები, რომელსაც ევროკავშირი იყენებს. ჩვენი მეთოდი არის მედიაცია და ასე, რომ საქართველოს ლიდერები უნდა წავიდნენ კომპრომისებზე და გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. როგორც უკვე ვთქვი, კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე. ევროპული მისწაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ ამბიციებთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობა მოდის. სამწუხარდ, მაგიდასთან დღეს არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი. მე ახლა მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, თუ რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში და იგი გადაწყვეტს, თუ რა იქნება შემდეგ ნაბიჯები და როდის იქნება ისინი გადადგმული”, – დასძინა დანიელსონმა. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების ჩაშლაში კვლავ ერთმანეთი დაადანაშაულეს”, – განაგრძობს გამოცემა.

“რა იქნება ყოველივე ამის შემდეგ, არსებობს თუ არა შეთანხმების მიღწევის თუნდაც თეორიული შანსი და დათანხმდება თუ არა ოპოზიციის ნაწილი მაინც პარლამენტში შესვლას, გაურკვეველი რჩება. გადამწყვეტი შეხვედრის დასრულებამდე გამოცემა “პუბლიკამ” გაავრცელა ინფორმაცია, დანიელსონის შეთავაზების თავდაპირველი ვერსიის შინაარსთან დაკავშირებით. კერძოდ, მომზადებული დოკუმენტი გულისხმობდა შემდეგ საკითხებზე შეთანხმებას: ევროკავშირი მზადაა, ერთ-ერთი ფონდის გავლით, გადაიხადოს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაო; გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს პირობით ვადამდე გათავისუფლების (ე.წ. “უდოს”) მექანიზმით, ელექტრონული სამაჯურით, ოღონდ ნოემბერში; გამოიცეს ამნისტია, რომელიც შეეხება 20 ივნისის საქმის მონაწილეებს – როგორც აქტივისტებს, ისე სამართალდამცავებს; ოპოზიციამ უხელმძღვანელოს 5 კომიტეტს პარლამენტში, მათ შორის, საბიუჯეტოს, ადამიანის უფლებების, საპროცედუროს, საგარეოს; შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი; პარტიების დაფინანსების საკითხზე მოხდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება.; გენერალური პროკურორი დაინიშნოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერით; ცესკოს თავმჯდომარე და შემადგენლობა დაინიშნოს ასევე ორი მესამედის მხარდაჭერით და მისი მოადგილე იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების ეს ვარიანტი მოლაპარაკების მონაწილეებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა”, – დასძენს გამოცემა.

“რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ მედიატორებმა ხელმოსაწერი დოკუმენტის ახალი ვერსიის შესადგენად შეხვედრა დატოვეს. ამ პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციონერები მათ გადაწყვეტილებას ცალ-ცალკე ოთახებში ელოდებოდნენ. პარალელურად მედიით ვრცელდებოდა ამის ამსახველი კადრები – ფანჯრებში ჩანდნენ ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც დაძაბულად საუბრობდნენ. “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ფეხზე იდგა და ხელების ქნევით საკამოდ ემოციურად საუბრობდა. ასევე ოთახში ბოლთას სცემდა პარტიის “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. აღელვებული ჩანდა “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძეც. ვიდეოკადრებიდან იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ის “ევროპული საქართველოს” ლიდერ გიგა ბოკერიას ედავებოდა”, – წერს სტატიის ავტორი.

“ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი 2 დღის განმავლობაში ხვდებოდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. ორშაბათს მან განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე უკვე გამზადებული შეთანხმების ტექსტს დადებს, რომელზეც ხელის მოწერა პარტიების პასუხისმგებლობის საკითხი იქნებოდა. თუმცა დანიელსონის შეხევდრიდან გამოსული პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ მედიატორმა ისევ მათი პოზიციები მოისმინა და რაიმე წინადადება ამ ეტაპზე არ ჰქონია. იგი 2 ჯერ შეხვდა როგორც “ოცნებას”, ასევე “ნაციონალურ მოძრაობას”, თუმცა პოლიტიკური ლიდერების ნაწილს ეჭვი გაუჩნდათ, რომ დანიელსონმა შეთანხმების ტექსტი ოპოზიციისგან განსხვავებით მმართველ გუნდთან შეათანხმა. სამშაბათს, იმ დროს, როდესაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები მედიატორებთან ერთად შეთანხმების ტექსტს განიხილავდნენ, “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონის მედიაცია არასრულფასოვანია. მისი თქმით, ორშაბათს დანიელსონი რამდენჯერმე შეხვდა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს და მათთან შეაჯერა მომავალი შეთანხმების დეტალები, თუმცა ოპოზიციასთან მსგავსი კონსულტაცია არ გაუმართავს”, – განაგრძობს სტატიის ავტორი.

“აქედან გამომდინარე უგულავამ ევროპელი მედიატორის მოუკერძოებლობა პრაქტიკულად ეჭვის ქვეშ დააყენა. “29 მარტს დილიდან დანიელსონს კობახიძე შეხვდა. მერე წავიდა, პოლიტსაბჭო შეიკრიბა და ჩაატარა. მერე ექვსზე კიდევ შეხვდა და მერე კიდევ პოლიტსაბჭო ჩაატარა. მოდით, ვთქვათ – რადგანაც “პოლიტსაბჭო შეიკრიბა”, ეს ნიშნავს, იმას რომ კონსულტაციებს გადიან ივანიშვილთან. ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხი ახლა სხვა რამ არის. როგორც ინფორმაციამ გაჟონა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ “ქართულ ოცნებასთან” ეს დრაფტი თუ წინადადება, რომელიც დღეს ჩვენ გვემცნობა, უკვე გავლილია ან მისი დეტალები მათთვის ცნობილია. ეს თუ დადასტურდა, ყველას პატივისცემის მიუხედავად, ეს ვერ იქნება ვერც სრულფასოვანი მედიაცია და ვერც ვერაფერი”, – განაცხადა გიგი უგულავამ. “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი წერეთელმა კი “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ შეთანხმების მისაღწევად შესაძლოა მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი გახდეს საჭირო. “შეიძლება განაცხადი იყოს, რომ პოზიციები დაახლოვდა ამ საკითხებში და ჩვენ დაგვჭირდება კიდევ ერთი რაუნდი. შეიძლება ასეც მოხდეს. კარგია, თუ გვეყოფა იმდენი სიმწიფე ყველას, რომ ჩვენს მოსახლეობას დამატებით არ “დავგრუზავთ” და არ დავადებთ დამატებით ფსიქოლოგიურ ტვირთს რა და როგორ იქნება. ისედაც რთულ მდგომარეობაშია ხალხი”, – თქვა მან”, – დასძენს სტატიის ავტორი.

 

 

interpressnews.ge