28 აპრილს გავრცელდა ცნობა, თითქოს უკრაინის ვერხოვნა რადის დღის წესრიგიდან შეიძლება მოიხსნას მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნის საკითხი, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოსა და თვით მმართველ პარტია „ხალხის მსახურის“ შიგნით არსებული წინააღმდეგობის გამო.

გამოითქვა ვარაუდი, რომ ვიცე-პრემიერობის ნაცვლად ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს შესთავაზებენ მმართველი პარტიის კანდიდატობას ოდესის მერობის პოსტზე ან მრჩევლის ადგილს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. საკითხში გასარკვევად რადიო თავისუფლება უკრაინაში ტელეფონით დაუკავშირდა პარლამენტარ დავით არახამიას, უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“, საპარლამენტო ფრაქციის ლიდერს, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას ვიცე-პრემიერის პოსტზე და ეს საკითხი მალე დადგება უკრაინის ვერხოვნა რადის დღის წესრიგში.

კობა ლიკლიკაძე: დავით, ვიცი, რომ ძალიან დაკავებული ხართ, მაგრამ სულ ერთი სიტყვით გვითხარით: დგას თუ არა მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა დღის წესრიგში, თუ უკვე აღარ დგას?

დავით არახამია: ამ ხუთშაბათს (30 აპრილს) არ დგას. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მასთან ერთად. ახლა ხმების რაოდენობა სულ უფრო მატულობს. უბრალოდ, ჩვენ გუშინწინ ჩამოვაყალიბეთ დღის წესრიგი და ეს საკითხი გუშინწინ არ დაგვიყენებია, მაგრამ დაინახავთ, რომ უახლოეს ხანში ეს საკითხი დადგება (დღის წესრიგში)“.

ჩვენ ამას განვიხილავთ უკრაინის განსაკუთრებულ სუვერენულ უფლებად

კობა ლიკლიკაძე: გუშინ ამ საკითხის თაობაზე თავისი, საწინააღმდეგო აზრი გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმაც. როდესაც საკითხს განიხილავთ, თქვენთვის საქართველოს არგუმენტაცია, ის, რომ ხელისუფლება წინააღმდეგია და ფიქრობს, რომ ეს არის საფრთხე უკრაინისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობისათვის, – ეს რაიმე სახით განიხილება იმ არგუმენტებში, უნდა დაინიშნოს თუ არა?

დავით არახამია: ნახეთ, ჩვენ ყურს ვუგდებთ ყველა არგუმენტს, განსაკუთრებით, ისეთი პარტნიორისა, როგორიც საქართველოა. მაგრამ, ამასთან ერთად, მთავრობის შიგნით დანიშვნას ჩვენ განვიხილავთ უკრაინის (ხელისუფლების) განსაკუთრებულ სუვერენულ უფლებად – დანიშნოს უკრაინის მოქალაქეები, იქ სადაც უნდა და როდესაც – უნდა.

კობა ლიკლიკაძე: საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ასეთი რიტორიკული შეკითხვა დასვა: როგორ შეხედავდა უკრაინა, თუ ბატონ იანუკოვიჩს საქართველოში რომელიმე თანამდებობაზე დავნიშნავდითო. თქვენ როგორ უპასუხებდით ასეთ რიტორიკულ შეკითხვას?

დანიშნონ, თუ მიიჩნევენ, რომ იანუკოვიჩი ჩაატარებს რეფორმებს

დავით არახამია: სცადონ და დანიშნონ, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ბატონი იანუკოვიჩი დაეხმარება გააუმჯობესოს ქვეყანა და ჩაატაროს რეფორმები. ამასთან, თუ ბატონი იანუკოვიჩი გახდება საქართველოს მოქალაქე, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო გამოგვეთქვა გარკვეული შეშფოთება დიპლომატიური თუ სხვა ფორმით, მაგრამ, დაგვერწმუნებით, ნამდვილად არ გავიწვევთ ელჩს და არ დავიმუქრებით დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით.

კობა ლიკლიკაძე: დაბოლოს, ბატონი ზელენსკი რამენაირად რეაგირებს სააკაშვილის დანიშვნაზე, უჭერს მხარს მის დაწინაურებას?

დავით არახამია: დიახ, ბატონი ზელენსკი მხარს უჭერს სააკაშვილის დანიშვნას. ასეთი წინადადება მან [ზელენსკიმ] შესთავაზა, ამიტომ ვფიქრობ, რომ საინფორმაციო საშუალებებით უახლოეს ხანში თქვენ კარგ ახალ ამბავს მოისმენთ.

//www.radiotavisupleba.ge