ქვემოთ განთავსებულ ვიდეორგოლში თქვენ იხილავთ ლიბანის უდიდეს ქალაქ  ბეირუთს, სადაც ქუჩის განათება აღარ ფუნქციონირებს და ღამის ბეირუთი სრულიად სიბნელეშია შთანთქმული. ეს არის ლიბანის დედაქალაქის ინფრასტრუქტურის ამაზრზენი დეგრადაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში. მაგრამ ის ერთადერთი არ არის, რამეთუ,  დღის სინათლე არანაკლებ და საკმაოდ ბევრ უსიამოვნო დეტალს ავლენს. ასე რომ, ავტობუსის მძღოლს ალის ყოველდღე უწევს უამრავი ორმოს გარეშემო შემოვლა:

”გზაზე მანქანა ორმოების გამო მუდამ ხტუნაობს. ეს ჩვენი ქუჩებია. ხედავთ?-ორმოები ყველგან არის. ამ ქვეყანაში არც ახალგაზრდებს არც ნებისმიერ ადამიანს, მომავალი არ აქვს. თუ ვინმემ შეძლო და მოახერხა აქედან თავის დაღწევა, ჩათვალეთ, რომ მან იღბლიანი ბილეთი მოიგო”,-განმარტავს ალი.

ბეირუთის ინფრასტრუქტურა მრავალი წლის განმავლობაში დეგრადირდებოდა, მაგრამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს პროცესი დაჩქარდა, რაც მძიმე ეკონომიკურმა ვარდნამ გამოიწვია.  ლიბანის ფუნტის დევალვაციამ შეამცირა ქალაქის ხაზინის რეალური მოცულობა. გარდა ამისა, კერძო კაპიტალი ტოვებს ლიბანის დედაქალაქს, ხოლო მსურველიც არსაიდან ჩანს, ვინც სარემონტო სამუშაოებსა და განათებაში ჩადებს თანხებს.

”ახლა ბეირუთში ცხოვრება სამწუხარო და დამთრგუნველია”, – ამბობს ელისარ ბუ-დარგამი, მაღაზიის თანამშრომელი. ”მალე ის ცარიელი იქნება, განსაკუთრებით აქ, ჰამრას ქუჩაზე. ადრე, ბეირუთში ჩამოსული ნებისმიერი სტუმარი პირველად  ჰამრას ქუჩას სტუმრობდა ახლა კი ნახეთ, აქ არაფერი ხდება!

მაგრამ, რა თქმა უნდა, ბეირუთის ყველა მაცხოვრებელს არ ძალუძს სხვა ქვეყანაში გადასვლა. ელექტრო-შემკეთებელი  83 წლის სამირ ჰადადი, ნოსტალგიით იხსენებს ლიბანის წარსულს:

”მათ ყველაფერი გაანადგურეს. ლიბანი მშვენიერი ქვეყანა იყო. უცხოეთში ცხოვრება რომ შემეძლოს, შვილებთან წავდიოდი. მაგრამ მე იქ ცხოვრება არ შემიძლია. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა…”

რთული ეკონომიკური ვითარება იწვევს ხალხის მასების ფართო უკმაყოფილებას ლიბანის მმართველი კლასის მიმართ, რომელსაც არაკომპეტენტურობასა და კორუფციაში სდებენ ბრალს. ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქებიდან ერთი წლის განმავლობაში ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო ისეთი მთავრობის შექმნა, რომელიც წესრიგის აღდგენაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს.

 

იხ. ვიდეო:

 

 

 

თამო თავხელიძე