აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ მზად არის დაიცვას ტაივანი “სამხედრო საშუალებებით”, თუ ჩინეთი შეიჭრება მის ტერიტორიაზე. ”ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ”, – თქვა ბაიდენმა ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ის კვირას ჩავიდა აზიის ტურნეს ფარგლებში.

 

ინფორმაციას ავრცელებს Associated Press-ი.

 

ბაიდენმა აღნიშნა, რომ ჩინეთის მხრიდან ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოყენების ნებისმიერი მცდელობა იქნება “უბრალოდ შეუსაბამო” და “გაააქტიურებს მთელ რეგიონს, ისევე როგორც უკრაინაში”.

 

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ტაივანის დაცვის აუცილებლობა “კიდევ უფრო გაძლიერდა” მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შემოიჭრა.

 

ბაიდენის სიტყვებზე კომენტირებისას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა განაცხადა, რომ ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. ”ტაივანის საკითხი ჩინეთის წმინდა შიდა საკითხია”, – თქვა ვენბინმა და დასძინა, რომ ამ საკითხზე კომპრომისები ან დათმობები არ იქნება.

 

აშშ ადრე თავს არიდებდა ტაივანის უსაფრთხოების ასეთი აშკარა გარანტიების მიცემას. ტაივანის ურთიერთობების აქტი, რომელიც 1979 წლიდან მართავს აშშ-ს ურთიერთობას კუნძულთან, არ საჭიროებს აშშ-ს სამხედრო ინტერვენციას ტაივანის დასაცავად, თუ ჩინეთი ტაივანში შეიჭრება. დოკუმენტის მიხედვით, შეერთებული შტატები მხოლოდ იმ შემთხვევაშია ვალდებული მიაწოდოს კუნძულს თავდაცვის რესურსები, თუ ჩინეთი შეეცდება ცალმხრივად შეცვალოს ტაივანის სტატუსი. „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის დაცვით, შეერთებული შტატები არ ცნობს ტაივანის დამოუკიდებლობას და არ აქვს მასთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ აგრძელებს არაოფიციალურ კონტაქტებს.

 

 

თამო თავხელიძე