„სააკაშვილი პოლარიზებული ფიგურაა და გაურკვეველია, ზელენსკი რამდენად შეძლებს საჭირო ხმების მოგროვებას მის დასანიშნად.

პარლამენტში მისი კანდიდატურის დამტკიცების არანაირი გარანტია არსებობს“ – წერს Atlantic Council სტატიაში სათაურით „ნუთუ უკრაინისთვის სწორი არჩევანია სააკაშვილი?“

თუ საქართველოს ყოფილი ლიდერი უკრაინის ვიცე-პრემიერი მაინც გახდება, ეს თავად სააკაშვილის პირადი და შესანიშნავი მიღწევა იქნება, თუმცა რას შეიძლება უწყოდეს ეს უკრაინისთვის? – სვამს კითხვას ავტორი და პასუხად მოსაზრებებსაც აქვეყნებს.

„ატლანტიკის საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის უფროსი მკვლევარის ბრაიან მეფორდის აზრით, „სააკაშვილი ყველაზე წარმატებული მაშინ არის, როდესაც ერთპიროვნულ ბულდოზერად იქცევა, რადგან ის არ არის კონსენსუსის ქომაგი.

მისი თქმით, ოდესაში სააკაშვილს აკლდა ძალაუფლება და საქმის შესრულების უნარი, რამაც საზოგადოების უკმაყოფილება და მისი პოპულარობის დრამატული  ვარდნა გამოიწვია.

როგორც მეფორდი აღნიშნავს,  ზელენსკის საპარლამენტო უმრავლესობაში ნაპრალები უკვე გაჩნდა.

„ისმის კითხვა, რა რეაქცია ექნებათ ხალხის მსახურ პარლამენტის წევრებს სააკაშვილის პოლიტიკურ მეთოდებზე? ნუთუ ის შეძლებს იმუშაოს სხვა ოფიციალურ პირებთან, მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვთან, რომელიც ყველაზე გავლენიან კაცად სახელდება ამჟამინდელ მთავრობაში?

მოწყენა არ გველის მინიმუმ მომდევნო რამდენიმე თვე“ – აცხადებს ბრაიან მეფორდი, რომელსაც ასევე აინტერესებს, ნუთუ პრეზიდენტი ზელენსკი მისცემს მას ავტონომიას რეალური რეფორმების განსახორციელებლად?

თუ ეს ყველაფერი ყურადღების გადასატანად ხდება ოლიგარქის-ხელშემწყობი პირების სამთავრობო პოზიციებზე დანიშვნების ამბის გადასაფარად?

უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პავლო კლიმკინი, აცხადებს, რომ სააკაშვილის შესაძლო როლი უკრაინის პოლიტიკაში სრულიად უცნობია.

„თავად ის აზრი, რომ რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერად ინიშნება, უცნაურია და ბადებს კითხვას: მაშინ ნეტავ რისთვის არის პრემიერ-მინისტრი და მთელი მთავრობა?

სავარაუდოდ, სააკაშვილის მთავარი ფუნქციები იქნება მედია ტალღის შექმნა და ძირითად ბიზნეს წრეებს შორის კონფლიქტის გაჩაღება.

აი აქ დაიწყება ყველაზე საინტერესო ამბები, თუ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკის დესტრუქციულ ფაქტორად იქნება გამოყენებული”- ამბობს იგი.

„ახალი ევროპის ცენტრის“ დირექტორის  ალიონა გეცმანჩუკის თქმით, სააკაშვილის დანიშვნა მეტ გამოწვევას გაუჩენს უკრაინას, ვიდრე სარგებელს.

„ეს მოხდება ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. უკრაინის ოფიციალურ სამთავრობო ფუნქციით სააკაშვილის წინამორბედი გამოცდილების გახსენებისას გვიჩნდება შიდა კონფლიქტებისა და დესტრუქციული ხმაურის მოლოდინი, ვიდრე რეალური ქმედების პერსპექტივა. საქართველო ნამდვილად არ იქნება ბედნიერი მისი დანიშვნის გამო.

ამ წუხილს უკრაინის ზოგიერთი დასავლელი პარტნიორიც იზიარებს, განსაკუთრებით ისინი, ვინც ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გააფრთხილეს 2015 წელს.

ისინი ცდილობდნენ ოდესის გუბერნატორად მისი დანიშვნის გადაფიქრებინებას და ამის მიზეზად სააკაშვილის საეჭვო რეპუტაციასა და უპროგნოზობადობას იშველიებდნენ.

ზოგადად, სააკაშვილს აკლია ერთგულებისა და გუნდური მუშაობის თვისებები, არადა პრეზიდენტი ზელენსკი საკვანძო პოზიციებზე კანდიდატებს ამ ნიშნით ეძებს.

რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის თანამდებობა, რომლისთვისაც სააკაშვილი მოიაზრება, ასევე მეტყველებს იმაზე, რომ რეფორმების პროცესი კარგად არც არის გააზრებული.

უკრაინის სარეფორმო პროგრამა ფართო და ყოვლისმომცველი განზრახვაა, რასაც სჭირდება ყველა სამინისტროს ჩარჩულობა და – თავისი არსით – ერთი პირის პასუხისმგებლობა ვერ იქნება.

სწორედ ამიტომ, ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი შემოთავაზებული დანიშვნის მიმართ, თუმცა გამიხარდება თუ ვცდები“, – მიიჩნევს გეცმანჩუკი.

 

წყარო: პრაიმტაიმი