5 აპრილს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც 10 000 ამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მომიტინგეები ორბანის გადადგომას ითხოვდნენ. საპროტესტო აქციას ხელმძღვანელობდა 43 წლის პიტერ მაგიარი, ოპოზიციონერი რომელიც ახლო წარსულში  ორბანის იუსტიციის ყოფილ მინისტრზე, ჯუდიტ ვარგაზე იყო დაქორწინებული.

მაგიარმა სიტყვით მიმართა დემონსტრანტებს და გამოაცხადა ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს ორბანის მმართველობით იმედგაცრუებული როგორც კონსერვატიული, ისე ლიბერალური საზოგადოების  გაერთიანებას.

”ნაბიჯ ნაბიჯ, აგური აგურით, ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს და ავაშენებთ ახალ ქვეყანას, სუვერენულ, თანამედროვე, ევროპულ უნგრეთს,” – თქვა მაგიარმა და დასძინა, რომ დაქსაქსული ოპოზიციის ფონზე  პროტესტი იყო ”ყველაზე დიდი პოლიტიკური დემონსტრაცია ბოლო წლების განმავლობაში”.

გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრაციას სავარაუდოდ 10 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

მაგიარი ფართოდ ცნობილი გახდა 2024 წლის თებერვალში, როდესაც ის გახდა მთავრობის მამხილებელი და ორბანის ადმინისტრაციის საჯარო კრიტიკა დაიწყო.

მარტში მან თავის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა ჩანაწერი 2023 წლის იანვარში ყოფილ მეუღლესთან ვარგასთან საუბრის შესახებ, სადაც ის დეტალურად აღწერდა ორბანის ადმინისტრაციის  უფროსის, ანტალ როგანის თანაშემწეების მცდელობას, ჩარეულიყვნენ პროკურატურის საქმეებში.

მაგიარმა ამბობს, რომ ჩანაწერი ადასტურებს, ორბანის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების კორუმპირებულობას. ფეისბუქ გვერდზე  გამოქვეყნების შემდეგ სრული ჩანაწერი მან ბუდაპეშტის პროკურატურას გადასცა მტკიცებულებად გამოსაყენებლად.

პროკურატურამ განაცხადა, რომ გააანალიზებს ფირს და შეაგროვებს დამატებით მტკიცებულებებს.

უნგრეთის მთავრობის წევრები მაგიარის აქტიურობას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ის ოპურტუნისტია და ვარგასთან განქორწინებისა და რამდენიმე სახელმწიფო კომპანიაში პოზიციების დაკარგვის შემდეგ ცდილობს ახალი კარიერის შექმნას.

ფაქტია, რომ მაგიარის აღმავლობამ ორბანს პოლიტიკური თავის ტკივილი გაუჩინა ივნისში დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნების წინ.

ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაცია  Median-ის მონაცემებით, რომელიც გამოქვეყნდა საინფორმაციო  ყოველკვირეული პორტალის,  HVG-ის მიერ მარტის შუა რიცხვებში, აღმოჩნდა, რომ ამომრჩეველთა 68 პროცენტს გაუგია მაგიარის პოლიტიკური აქტივობების შესახებ და მათგან 13 პროცენტი ამბობს, რომ სავარაუდოდ შემდეგ არჩევნებზე  მხარს მის პარტიას დაუჭერს.

 

შაბათს, რამდენიმე მომიტინგემ ინტერვიუებში განაცხადეს,  რომ მაგიარის სჯერათ, რადგან ის იყო ორბანის მთავრობასთან დაახლოებული პირი და აქვს შიდა ინფორმაცია იმის შესახებ,  თუ როგორ მუშაობს ორბანის ხელისუფლება.

„ვიცოდით, რომ კორუფცია იყო, მაგრამ ჩანაწერის ნახვის შემდეგ უკვე დანამდვილებით ვიცით“, – განუცხადა საინფორმაციო სააგენტო “როიტერს” 46 წლის მედიცინის  მუშაკმა ჟუზანნა ჟიგეტიმ.

მან ასევე დასძინა, რომ შეშფოთებულია განათლებისა და ჯანდაცვის სისტემაში არსებული სიტუაციით, სადაც ასევე კორუფციამ მოიკიდა ფეხი.