აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ზოგიერთ დიპლომატს უკრაინის დატოვება უბრძანა.

 

ამერიკის საელჩო კიევში, საკონსულო მომსახურებას წყვეტს.

 

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების შეჭრის საფრთხესთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დიპლომატებს, რომლებსაც არ აქვთ კრიტიკული თანამდებობები, უბრძანა დაეტოვებინათ კიევში აშშ-ის საელჩო. ამის შესახებ ნათქვამია კიევში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა ტვიტერზე შაბათს, 12 თებერვალს.

 

„დიპლომატიური პერსონალის შემცირების მიუხედავად, საელჩოს ძირითადი გუნდი, სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ს პერსონალი მთელ მსოფლიოში გააგრძელებენ დიპლომატიურ ძალისხმევას და დახმარებას უკრაინის უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად“, – წერს საელჩო ტვიტერზე.

 

კიევში აშშ-ის საელჩო წყვეტს საკონსულო მომსახურებას სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ 13 თებერვლიდან კიევში აშშ-ის საელჩოში საკონსულო მომსახურების მიწოდება შეჩერდება. საგანგებო სიტუაციების მოსაგვარებლად, საელჩო შეინარჩუნებს მცირე საკონსულო ადგილს ლვოვში, მაგრამ ვერ შეძლებს პასპორტის, ვიზისა და რეგულარული საკონსულო საკითხების მომსახურებას. ამ სერვისებისთვის ამერიკელებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ შეერთებული შტატების საელჩოებს მეზობელ ქვეყნებში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აფრთხილებს უკრაინაში მცხოვრებ თანამოქალაქეებს, რომ აშშ-ის ხელისუფლება ვერ შეძლებს აშშ-ის მოქალაქეების ევაკუაციას, თუ რუსეთი უკრაინაში სამხედრო ოპერაციებს დაიწყებს. ორი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა. “ამერიკის მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. ჩვენ საქმე გვაქვს არა ტერორისტულ ორგანიზაციასთან, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს სხვა სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს კონტროლიდან”, – განმარტა მან. შეერთებული შტატების შემდეგ, თითქმის 20 ქვეყანამ უკვე მოუწოდა თავის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ უკრაინაში მოგზაურობისგან ან დატოვონ მისი ტერიტორია რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის საფრთხის გამო.

 

 

 

 

თამო თავხელიძე