ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ მათ გაანადგურეს 18 ირანული წარმოების დრონი, რომლებიც იემენიდან ჰუტმა მეამბოხეებმა გაუშვეს წითელი ზღვის სამხრეთით.

CENTCOM-მა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ძალებთან ერთად ასევე ჩამოაგდეს ორი ხომალდსაწინააღმდეგო – საკრუიზო რაკეტა და ერთი ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა.

აშშ-ს სამხედროების თქმით, 19 ნოემბრის შემდეგ, იემენელი ჰუტების  მიერ მათზე განხორციელებული 26-ე თავდასხმის მცდელობაა. მათი თქმით თავდასხმას მსხვერპლი არ მოყოლია და არც დაშავებულები არიან.

ჰუტებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღეს და თქვეს, რომ მათი სამიზნე ისრაელთან დაკავშირებული გემები არიან და არა სხვა რომელიმე ქვეყნის გემები. ჰუტების თქმით ისინი მანამდე არ შეწყვეტენ წინააღმდეგობას, სანამ ისრაელი ღაზას ტერიტორიას არ დატოვებს.

შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მეთაური ახლო აღმოსავლეთში ბრედ კუპერი ამბობს, რომ ისრაელის გარდა  ბევრს ქვეყანას აქვს კავშირი და ინტერესები იმ გემებთან, რომლებზეც თავდასხმა განხორციელდა.