5 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ლუსი გაჰანი კორონავირუსით დაინფიცირდა. დროის გასვლის მიუხედავად ცხოვრების ჩვეულ რიტმს მაინც ვერ დაუბრუნდა.

პროფესიით კლინიკური ფსიქოლოგი გაჰანი მუშაობის გაგრძელებას ცდილობს. თუმცა, უშედეგოდ. როგორც ის ამბობს, ვირუსმა მის ორგანიზმში „ქარიშხალი“, ე.წ. შემაფერხებელი პერიოდები გამოიწვია.

ასეთ დროს გაჰანს სუნთქვა უძნელდება, ხელ-ფეხი უბუჟდება და გულისცემა საგრძნობლად მატულობს.

შხაპის მიღებაც მხოლოდ მაშინ შეუძლია, როდესაც სიმპტომები ცოტა ხანს ჩერდება. კორონავირუსით ინფიცირებამდე კი ის კვირაში სამი დღე დარბოდა და იოგასაც მისდევდა.

გაჰანი მსოფლიოში ერთ-ერთია იმ ათასობით ადამიანიდან, ვისთვისაც COVID-19-ი ქრონიკულ მდგომარეობად იქცა. მათ ჯერ კიდევ არ იციან როდის დასრულდება ეს ყველაფერი.

„კლინიკური ფსიქოლოგი ვარ და ზუსტად ვიცი , რომ ჩემი ეს მდგომარეობა შფოთვასა და დეპრესიას არ უკავშირდება.

ამიტომ უმჯობესია როდესაც ექიმებს სიმპტომების ხანგძლივობაზე ვეკითხებით, უბრალოდ გვითხრან რომ არ იციან. ასე უკეთესია, ვიდრე იმის თქმა, რომ ვირუსის სიმპტომები მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში გრძელდება“,- აღნიშნავს გაჰანი.

ჰოსპიტალიზებული ბევრი პაციენტი ამ საშიშრობის წინაშე დგას – გახდნენ ე.წ. „გრძელვადიანი COVID პაციენტები“

ერთ-ერთი ნაშრომის მიხედვით, შესაძლოა, ჰოსპიტალიზებულთა დაახლოებით ¾  გრძელვადიანი კოვიდ პაციენტი გახდეს.

North Bristol NHS Trust- ის აკადემიური რესპირატორული განყოფილების მკვლევარებმა შეისწავლეს 110 პაციენტი, რომლებიც 30 მარტი – 3 ივნისის შუალედში ჰოსპიტალიზებულნი იყვნენ.

საავადმყოფოდან გაწერიდან 12 კვირის შემდეგ პაციენტთა 74%-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ მათ კიდევ აღენიშნებოდათ ისეთი სიმპტომები, როგორებიც იყო სუნთქვის გაძნელება და დაღლილობის მომატებული შეგრძნება.

სიმპტომების მიუხედავად კი, 110-დან 104 პაციენტის სისხლის ანალიზები ნორმალური იყო.

ბრიტანულმა სამედიცინო ჟურნალმა (BMJ) აგვისტოს თვეში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის ახალი გაიდლაინები გამოაქვეყნა, რომელშიც იყო მითითებები თუ როგორ უნდა მოქცეოდნენ კოვიდის ე.წ.გრძელვადიან პაციენტებს.

მითითებები ეხებოდა სისხლის სპეციფიკურ ტესტებს.

ასევე, ასეთი პაციენტებისთვის სახლში ოქსიმეტრის (გამოიყენება სისხლში ჟანგბადის მოცულობის გასაზომად) გამოყენების აუცილებლობას.

„ანტისხეულების არ არსებობა, რეციდივი, რეინფექცია, ანთებითი და სხვა იმუნური რეაქციები, ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესება, პოსტ-ტრავმატული სტრესი“ ხელს უწყობს კოვიდის გრძელვადიანი სიმპტომების განვითარებას.

BMJ-ის გაიდლანებში ასევე აღნიშნული იყო, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი ჰქონდა SAR-ისა და MERS-ის შემთხვევებშიც.