პარტია “გამარჯვებული საქართველოს’ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ის მაჟორიტარობის კანდიდატი არ იქნება. როგორც მან ტვ პირველის გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, ამას ის საერთო ოპოზიციური ერთობისთვის აკეთებს.

მისი თქმით, თბილისში დარჩენილ 6 ადგილზე 7 პოლიტიკოსი აცხადებდა პრეტენზიას მისი ჩათვლით.

“6 მანდატია დარჩენილი, რომელიც უნდა გავიყოთ 5-მა პარტიამ 7 ადამიანზე. 6 მანდატს 7-ზე ვერ გავიყოფთ. მე ჩემ საკითხს ვხსნი დღის წესრიგიდან და დარჩება 6 ადამიანი 6 მანდატზე. ეს საკითხი აღარ იქნება პრობლემა. მე ამით ვცდილობ მაქსიმალურად შევუწყო ხელი ერთობას, რადგან ერთობა საზოგადოების მოთხოვნაა”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, ის არჩევნებში პროპორციული წესით მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, მან რამდენიმე გვარი დაასახელა, რომელიც იხილება თბილისში: ალეკო ელისაშვილი და ელენე ხოშტარია.

“მინუსში გადამყავს ჩემი თავი, მაგრამ ამას მე ერთობისთვის ვაკეთებ”, – თქვა ოქრუაშვილმა.

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, თბილისში 8 მანდატი უნდა გათამაშდეს, საიდანაც 2-ზე ენმ-ს კანდიდატები იბრძოლებენ.