ოპოზიცია ცრუობს, თითქოს შეთანხმების ნაწილი იყო კონკრეტული კრიმინალების გამოშვება, – ეს განცხადება “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა გააკეთა.

კახა კალაძემ ოპონენტების ბრალდებს უპასუხა და აღნიშნა, რომ რვა მარტის შეთანხმება ოპოზიციური პარტიების დაკავებული ლიდერების გათავისუფლებას არ მოიცავს.

კახა კალაძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს.

არის ოპოზიცია, რომელიც ცრუობს და ამბობს, რომ თითქოს შეთანხმების ნაწილი იყო ასევე იმ კონკრეტული კრიმინალების გამოშვება, რომლებსაც გარკვეული დანაშაულებები აქვს ჩადენილი და ეს სიმართლეს არ შეეფერება. იმიტომ, რომ ვერც მთავრობას, ვერც პარლამენტს ვერანაირი შესაძლებლობა, ვერანაირი ბერკეტი ვერ ექნებოდა იმისა, რომ ეს კონკრეტული ადამიანები გაათავისუფლოს ციხიდან, – განაცხადა კახა კალაძემ.

თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენელი გარკვეულ პასუხისმგებლობას პრეზიდენტსაც აკისრებს და ამბობს, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სწორედ მან უნდა მიიღოს. 

პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ოპოზიციას, ცხადია, რომ სურს, სიტუაციის არა განმუხტვა, არამედ პირიქით, დამუხტვა იმიტომ, რომ კარგად ხვდებიან თუ რა რეიტინგები აქვთ, იციან, რომ არჩევნების გზით, მათ არანაირი შანსი, არანაირი შესაძლებლობა არ აქვს გამარჯვების, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი რვა მარტს შეთანხმებით დასრულდა. პროცესის ფასილიტატორების განმარტებით, მოლაპარაკება ორი ნაწილისგან შედგება – ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.