მრევლი წირვას დაესწრება ტაძრის ეზოში – დეკანოზი ამბროს ხოშტარია

დეკანოზი ამბროს ხოშტარია - ხვალ, წირვაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ მღვდელმსახურები, მრევლი წირვას ტაძრის ეზოში დაესწრება

ხვალინდელი წირვა 10:00 საათზე დაიწყება, მაგრამ ტაძარში, წირვაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ მღვდელმსახურები და დამხმარე პერსონალი, ხოლო მრევლი წირვას დაესწრება ტაძრის ეზოში, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მდივანმა, დეკანოზმა ამბროს ხოშტარიამ მრევლს ღამის ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ განუცხადა.

„დღეიდან ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რაც გარკვეულ რეგულაციებს ითვალისწინებს. შესაბამისად, ეპარქიაში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ხვალინდელი წირვა დაიწყება 10 საათზე, მაგრამ ტაძარში, წირვაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ მღვდელმსახურები და დამხმარე პერსონალი. მხედველობაში მყავს სტიქაროსნები და მგალობლები, ხოლო მრევლის წევრები კი წირვას დაესწრებიან ტაძრის ეზოში, იმედია, ამინდი ამის საშუალებას მოგვცემს. ხოლო უშუალოდ ზიარების დროს ორი გზა არსებობს, ან ნაწილ-ნაწილ, სათითოდ ტაძარში ვაზიარებთ მრევლს, ან შეგვიძლია მღვდელმთავარი გარეთ გავაბრძანოთ. ჩვენი თხოვნა არის ეზოში დავიცვათ ერთმანეთისგან დისტანცია. არა უნდა გადავდგათ ნაბიჯი განსაცდელისკენ, იმის იმედად, რომ სასწაული გამოგიყვანს ამ მდგომარეობიდან, ამ ვითარების შემთხვევაში, ამგვარი ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა არ არსებობს”, – განაცხადა დეკანოზმა ამბროს ხოშტარიამ.

ფოთის საკათედრო ტაძარში მწუხრის ლოცვის შემდეგ, მრევლს ზეთი ერთჯერადი ჩხირებით სცხეს.

2020-03-21T20:48:17+04:00მარტი 21st, 2020|