“ბევრი ცდილობს, დაინახოს რუსეთის, სომხეთის და საქართველოს მეგობრობაში რაიმე ცუდი… გაუგებარია რატომ?” – წერია “დიადი ლოჟის” ფეისბუქის გვერდზე.
აზიარებენ მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას სიტყვებსაც, რომ ევროკავშირთან ურთიერთობებს უნდა გადავხედოთ და იქვე აწერენ – “საქართველოს ჭეშმარიტი მეგობარი რუსეთია, ერთმორწმუნე!“
“დიადი ლოჟა“ არ იზიარებს ამერიკელი და ევროპელი მასონების იდეას, რომ მათ რიგებში ჰომოსექსუალებიც მიიღონ.
“დავაა დღეს, შეიძლება თუ არა პედერასტების მიღება მასონურ ლოჟაში, ინგლისის გაერთიანებული დიდი ლოჟა UGLE ამბობს, რომ – კი, და არა მარტო გეების, არამედ ტრანსგენდერების და ყველა დანარჩენის. ქალების გარდა. რუსეთის დიად ლოჟას სხვა პოზიცია აქვს ამ საკითხზე! ჩვენი დიდი ოსტატი, აღმატებული და ღირსეული ძმა დავითი სრულიად ეთანხმება რუსეთის დიადი ლოჟის ამ ხედვას, მიუხედავად იმისა, რომ იქაც და ჩვენს – საქართველოს გაერთიანებულ დიდ ლოჟაში შესაძლოა იყვნენ გეები, ისინი ამას საჯაროდ არ აცხადებენ და თუ გაამჟღავნეს მაშინ მათი ადგილი არატრადიციულ მასონობაშია!” – წერს “საქართველოს გაერთიანებული დიადი ლოჟა” ფეისბუქზე.
“დიად ლოჟას” სხვადასხვა დროს არჩილ ებრალიძე და დავით ზურაბიშვილი ხელმძღვანელობდნენ. ისინი პერიოდულად ხვდებიან რუსული ლოჟის “დიად ოსტატს,” ანდრეი ბოგდანოვს.
“დიადი ლოჟის” ფეისბუქიდან ვიგებთ, რომ ანდრეი ბოგდანოვმა აფხაზეთში, ვლადიმერ სურკოვის დავალებით შექმნა სოხუმის ლოჟაც, რომელიც რუსეთის დიადი ლოჟის ნაწილია.
თურქი მასონი, ჰურალ თაშთელენი ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2011-2018 წლებში საქართველოში რუსული, თურქული, სომხური, აზერბაიჯანული და უკრაინული ლოჟების სულ 11 ღონისძიება მოეწყო. Მასონთა შეხვედრები გაიმართა “ქინგ დევიდში,” ბათუმის “პრომეთეოსში,” სასტუმრო “ტიფლისში.”
ამის გარდა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მასონებთან დაკავშირებული შემდეგი ორგანიზაციები (ფრჩხილებში მოცემულია მათი საქართველოში რეგისტრაციის თარიღები):
1. საქართველოს გაერთიანებული დიადი ლოჟა (2018 წელი);
2. საერთაშორისო მასონური კვლევითი ინსტიტუტი (2018 წელი);
3. კავკასიის მასონთა კონფედერაცია (2018 წელი);
4. ძველი, თავისუფალი და აღიარებული ქვისმთლელების (მასონების) საქართველოს დიადი ლოჟა (2015 წელი);
5. სოლომონის ტაძრის გენერალურ ინსპექტორთა მასონური ძველი და აღიარებული შოტლანდიური წესდების ოცდამეცამეტე ხარისხის რაინდ კომანდორთა საქართველოს იურისდიქციის უმაღლესი საბჭო (2018 წელი);
6. სრულყოფილების ლოჟა-პრომეთე – (2019 წელი).