პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ სიმართლე არ არის გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან მოითხოვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის დაპატიმრება.

მისი სიტყვებით, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ საზოგადოების დაყოფას შეუწყობს ხელს და არა გაერთიანებას.

„ევროპული საქართველოს“ მიერ გიგა ბოკერიას სახელით გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კრიზისის დროს ოპონირების მეთოდები განსხვავებული უნდა იყოს.

„სამწუხაროა, რომ ქართულ ოცნებასთან აფილირებული ყალბი ამბების გვერდების და ფიგურების მხრიდან გრძელდება ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელიც ნორმალური ვითარებისთვისაც კი შეუფერებელია. ამის მაგალითია ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის სხვა წევრების წინააღმდეგ ბინძური სიცრუის გავრცელება, რომ ჩვენ თითქოს აგრესიულად ვესხმით თავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და ისეთ ფიგურებს, რომლებიც ეპიდემიასთან ბრძოლისას საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ“, – წერს გიგა ბოკერია და მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს უარი თქვან საზოგადოებაში აგრესიის დათესვაზე.