თურქეთში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილებები შეთქმულების საქმეზე, რომელიც ეხებოდა საფეხბურთო კლუბ ფენერბაჰჩეს ხელმძღვანელებს. ამის შესახებ ESPN იუწყება.

2011 წელს კლუბის ყოფილ პრეზიდენტს აზიზ ილდირიმს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მატჩების ჩაწყობის ორგანიზებისთვის. მან ერთი წელი გაატარა ციხეში. სასამართლო პროცესზე ილდირიმმა უდანაშაულობა გამოაცხადა და თქვა, რომ მის წინააღმდეგ საქმე შეთხზული იყო საფეხბურთო კლუბის განადგურების მიზნით, რომელმაც 19-ჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი.

2016 წელს დადგინდა, რომ საქმე მართლაც შეთხზეს ისლამური საზოგადო მოღვაწის ფეთულა გიულენის მომხრეებმა, რომელიც თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს. ილდირიმი სრულად გაამართლეს.

2021 წლის 5 ივნისს სასამართლომ თურქეთის პოლიციის ყოფილ უფროსს ნაზმი არდიჩს 2 170 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დოკუმენტური თაღლითობისა და ფენერბაჰჩეს წინააღმდეგ შეთქმულების გამო. სასამართლომ ასევე პატიმრობა მიუსაჯა მინიმუმ 25 სხვა ბრალდებულს.

 

 

თამო თავხელიძე