კომპანია Tesla-მ ელექტრომობილ Model S Long Range Plus-ის გაუმჯობესებული ვერსია წარადგინა. აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) ინფორმაციით, ელექტრომობილს ერთი დამუხტვით 647 კილომეტრის გავლა შეუძლია, ავტომობილის წინა ვერსიას კი 628 კილომეტრის გავლა შეეძლო.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილის ელემენტი უცვლელი დარჩა, ეფექტურობის გაზრდა კი ინჟინრებმა ავტომობილის წონის შემცირების ხარჯზე შეძლეს.

გარდა ამისა, სედანს განსხვავებული საბურავები ექნება, რაც აეროდინამიკას გააუმჯობესებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ Model S Long Range Plus-ი 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარეს 3,8 წამში ავითარებს, ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი 249 კმ/სთ-ს შეადგენს.