“საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემსუბუქებაზე გადაწყვეტილება სომხეთში უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება”, – განაცხადა სომხეთის ვიცე-პრემიერმა, ტიგრან ავინიანმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომაზე.

მისივე განცხადებით, შეზღუდვები მოიხსნება ერთი ოჯახის წევრთა შეკრების შემთხვევაში, ღია სივრცეებში ნიღბების ტარების ვალდებულებაზე.

გარდა ამისა, სომხეთის ვიცე-პრემიერის თქმით, შეზღუდვები მოიხსნება მიტინგებისა და დემონსტრაციების გამართვის საკითხშიც.

“არ იქნება რაიმე შეზღუდვა, არც ხანგრძლივობაზე და არც შეკრებილთა რაოდენობაზე. სავალდებულო იქნება მხოლოდ ეპიდემიოლოგიური წესების დაცვა – პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია”.

გარკვეული შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 11 სექტემბრამდე გაახანგრძლივეს.

ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 14 დღიანი იზოლაციის ან კორონავირუსზე ტესტის ჩატარების შემთხვევაში, სომხეთში შესვლის უფლება მიეცემათ.

დღეის, 13 აგვისტოს ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 229 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებულმა შემთხვევებმა კი 41 ათასს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 33 897 ადამიანი. 1047  – გარდაიცვალა.