შესაძლებელია თუ არა მომავალში საქართველოს ეკლესიამ კიდევ ახალი რეკომენდაციებით მიმართოს თავის მრევლს, რა თქმა უნდა, ეს ძალაში რჩება, – ამის შესახებ მეუფე ანდრია გვაზავამ საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც წმინდა სინოდის განჩინება წაიკითხა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად იზიარებს და რამდენად არის მისაღები საქართველოს საპატრიარქოსთვის სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების, მათ შორის საბერძნეთისა და რუსეთის ეკლესიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მამა ანდრია პასუხობს, რომ წმინდა სინოდმა გადაწყვეტილების მიღებისას “მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების რეკომენდაციები” გაითვალისწინა.

“მე მოგახსენეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დღევანდელი დღის განჩინება, ეს განჩინება იქნა მიღებული ერთობით, გათვალისწინებული იქნა ჩვენი ეკლესიის წევრების და ასევე, მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების რეკომენდაციები, მათი დადგენილებები და ისიც, რომ შესაძლებელია თუ არა მომავალში საქართველოს ეკლესიამ კიდევ ახალი რეკომენდაციებით მიმართოს თავის მრევლს, რა თქმა უნდა, ეს ძალაში რჩება”, – განაცხადა მამა ანდრია გვაზავამ.

ცნობისთვის, სინოდის გადაწყვეტილებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, წმინდა ზიარების წესი არ შეიცვლება.