დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, შვედეთის ექსპერიმენტმა პოპულაციურ იმუნიტეტთან დაკავშირებით არ გაამართლა. ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, გუშინ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები სტოკჰოლმის მოსახლეობის მხოლოდ 7%-ს გამოუვლინდა, მაშინ როდესაც ვირუსის დასამარცხებლად ეს მაჩვენებლი 70%-ს უნდა უტოლდებოდეს.

“იმისათვის, რომ პოპულაციური იმუნიტეტი გამომუშავდეს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ინფექცია თავისთავად დავამარცხოთ, [პოპულაციური იმუნიტეტის მაჩვენბელი] 70% უნდა იყოს. ამ მიშვების პოლიტიკით 7%-ზე ვერ ავიდა პოპულაციური იმუნიტეტი [სტოკჰოლმში]. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აბსოლიტურად არ გაამართლა ამ მიდგომებმა, გარდა იმისა, რომ შვედეთს თუ შევადარებთ მის მეზობელ დანიას, მოსახლეობაზე თუ გადავიანგარიშებთ, შვედეთში 6-ჯერ მეტია დაღუპული ვიდრე დანიაში. ეს არის შვედეთის ექსპერიმენტის შედეგი”, – განაცხადა იმნაძემ.

შვედეთში, სტოკჰოლმში ჩატარდა კვლევა მოსახლეობაში ანტისხეულების გამომუშავების მაჩვენებლის დასადგენად, სადაც აღმოჩნდა, რომ სტოკჰოლმის მოსახლეობის მხოლოდ 7.3% განუვითარდა ანტისხეულები ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ. კვლევა შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ ჩაატარა და ის აპრილის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.

 

წყარო