შინაგან საქმეთა სამინისტროში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ელისო კილაძე მივიდა.

როგორც კილაძემ უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სავარაუდოდ, საქმე ეხება სატელეფონო ზარს, რომელიც მასთან თამარ ბაჩალიაშვის პოვნის დღეს განხორციელდა.

„მე დამიკავშირდა შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი, რომელმაც მთხოვა, რომ გამოკითხვაზე მოვსულიყავი. სავარაუდოდ, საქმე ეხება იმ სატელეფონო ზარს, რომელიც ჩემთან თამარ ბაჩალიაშვის პოვნის დღეს განხორციელდა და მომაწოდა კონკრეტული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბაჩალიაშვილი თავის სამსახურში მუშაობდა პორნო საიტების მომსახურებაზე,” – აღნიშნა ელისო კილაძემ.

მისივე განცხადებით, პირი, რომელმაც მასთან სატელეფონო ზარი განახორციელა, აცხადებს, რომ ინფორმაცია სხვა წყაროსაგან მიიღო.

„მე მგონია, რომ ამის შემდეგ მოხდება მისი გამოკითხვაც და შეიძლება ცოტა სიცხადეც შევიდეს ამ საქმეში“, – განაცხადა ელისო კილაძემ.