საქართველოში შესაძლოა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური შეიქმნას და ის სუს-ის შემადგენლობიდან გამოვიდეს. ამას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების – თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, ნინო გოგუაძის, დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, არსებული საკანონმდებლო მოდელი აუცილებლად საჭიროებს ცვლილებებს.

“დღევანდელი საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ვერ იძლევა სასურველ შედეგებს. საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი ანგარიშებსა თუ რეზოლუციებში მოგვიწოდებს ანტიკორუფციული მექანიზმების დახვეწისკენ. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის უკანასკნელი ანგარიშები და საკანონმდებლო აქტებიც ხაზს უსვამენ საკითხის მოწესრიგების მნიშვნელობას. წარმოდგენილი ცვლილებები სრულად ეხმიანება საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოს შექმნის თაობაზე, ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და უზრუნველყოფს, რომ ეფექტიანად გავუმკლავდეთ კორუფციასთან, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლას,” – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ცვლილებების მიღებას მხარს უჭერს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც”, რომელიც აღნიშნავს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუცილებელია არსებობდეს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყება, რომელიც კორუფციული რისკების ფართო მონიტორინგს განახორციელებს.

როგორ იქმნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური?

დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნება სამ სხვადასხვა უწყებაში არსებული ანტიკორუფციული ფუნქციის მქონე დანაყოფების გაერთიანების შედეგად; ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე და აღჭურვილი იქნება საგამოძიებო უფლებებით. სააგენტოს ხელმძღვანელს პარლამენტი მაღალი ქვორუმით დანიშნავს, რაც მისი პოლიტიკური მიუკერძოებლობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

რა ფუნქციები ექნება დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ სამსახურს?

სააგენტოში თავს მოიყრის მთელი რიგი ისეთი ანტიკორუფციული ფუნქციები რომლებიც ამჟამად სხვადასხვა უწყებაშია(სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საჯარო სამსახურის ბიურო და სახელმწიფო აუდიტის სამსახური ) გაფანტული ან საერთოდ არ აქვს არცერთ უწყებას დაკისრებული:

  • საქართველოს ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების კონტროლი და ანტიკორუფციული პოლიტიკის დახვეწა;
  • საჯარო დაწესებულებებში კორუფციის გამოვლენა, გამოძიება და აღკვეთა. ასევე, კორუფციის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
  • თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი;
  • პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი;
  • კორუფციული დანაშაულის მამხილებელთა დაცვა;
  • საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მიერ საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა და სხვა.

კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ახალი უწყების დაფუძნება 10 მილიონ ლარამდე დაჯდება.ანტ